საქართველოს მთავრობა 70 მილიონი დოლარის ღირებულების შვიდწლიანი პროგრამის განხორციელებას იწყებს, რომლის მიზანია მოსახლეობის დაცვა კლიმატის ცვლილებით განპირობებული ბუნებრივი კატასტროფებისაგან.
კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის პროგრამა დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წარმოადგინა. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა. პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ახალი პროგრამის განხორცილების შედეგად, საქართველოში შეიცვლება ეროვნული მიდგომები კლიმატის ცვლილებისა და მასთან დაკავშირებული საფრთხეების მიმართ.
„თუ ადრე ჩვენ უკვე მომხდარ კატასტროფებზე რეაგირება გვიწევდა, ახალი ინიციატივის განხორციელების შედეგად გაიზრდება ქვეყნის ეროვნული შესაძლებლობები კლიმატური ინფორმაციის ანალიზისა და ბუნებრივი კატასტროფების პროგნოზის მიმართულებით“, - განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.
მისივე თქმით, გარდა ამისა, შეიქმნება ადრეული შეტყობინების თანამედროვე სისტემები, რაც საქართველოს 11 დიდი მდინარის აუზების 1.7 მილიონიან მოსახლეობას დაიცავს.
ამასთან, გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის ლუიზა ვინტონის განცხადებით, აღნიშნული პროგრამის განხორციელების შემდეგ, ექსტრემალური ამინდი ბუნებრივ კატასტროფაში აღარ გადაიზრდება.
"ვიწყებთ 70 მილიონი დოლარის ღირებულების 7 წლიან პროგრამას, რომელიც ემსახურება საქართველოს უკეთესად დაცვას კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფებისგან. უკანასკნელ წლებში ძალიან გახშირდა ბუნებრივი კატასტროფების რიცხვი, როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში. ამ პროგრამით ჩვენ დავამტკიცებთ, რომ ნამდვილად შესაძლებელია ადამიანები უკეთესად იყვნენ დაცულნი იმ ცვლილებებისგან, რომელიც ახლა მიმდინარეობს და არაფერი არ არის გარდაუვალი, ყველაფრის დაბრუნება შესაძლებელია. შესაძლებელია ისეთი ზომების გატარება, რომელიც გაცილებით შეარბილებს ამ ნეგატიურ ეფექტებს,"- განაცხადა გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში ლუიზა ვინტონმა.
შვეიცარიის ელჩმა საქართველოში პატრიკ ფრანცენმა ისაუბრა საქართველოსა და შვეიცარიის ერთობლივი ძალისხმევის შესახებ კლიმატის ცვლილებების მიმართ ადაპტაციისა და მთის მდგრადი განვითარების საქმეში. მან ხაზი გაუსვა ამ პარტნიორობის მნიშვნელობას შვეიცარიისათვის.
„საქართველო და შვეიცარია მთაგორიანი ქვეყნებია და კლიმატის ცვლილებებმა მათზე შესაძლებელია, უარყოფითი გავლენა მოახდინოს. კლიმატური ცვლილებების მიმართ ადაპტაცია დაეხმარება ადგილობრივ მოსახლეობას გაუმკლავდნენ შედეგებს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ამ ძალისხმევას ზურგს შესაბამისი პოლიტიკა უმაგრებდეს. ამ მხრივ, ჩვენი მიზანია გავაზიაროთ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება, რომელიც აისახება ეფექტურ პოლიტიკასა და კონკრეტულ ქმედებებში“, - აღნიშნა შვეიცარიის ელჩმა.
საქართველოს კლიმატის ცვლილებისადმი ფართომასშტაბიანი პროგრამის დაფინანსებაში გაერთიანებულია კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) გრანტი (27 მილიონი აშშ დოლარი), საქართველოს მთავრობის წვლილი (38 მილიონი აშშ დოლარი) და შვეიცარიის მთავრობის გრანტი (5 მილიონი აშშ დოლარი). პროგრამა შესრულდება გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, ხოლო მისი უშუალო განმახორციელებელი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა სხვა სამთავრობო უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით.
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის პროგრამა ასევე პირდაპირ შეუწყობს ხელს საქართველოს მდგრადი განვითარების ეროვნული მიზნების მიღწევას. პროგრამის შედეგებს შორისაა კლიმატის ცვლილების გავლენის შემცირება, მდგრადი ურბანული განვითარება და ათასობით ადამიანის დაცვა მაღალი რისკის მქონე რეგიონებში, მათ შორის მაღალ მთაში და მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში.