შალვა ფიფია Rabobank-ის აღმასრულებელ მრჩეველს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია Rabobank-ის აღმასრულებელ მრჩეველს ჯერარდ ემპელს შეხვდა და სოფლის მეურნეობის დარგში არსებული ვითარება გააცნო.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა დეტალურად ისაუბრა ყველა იმ ძირითად პროექტზე, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამჟამად ახორციელებს.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტის საკითხებს დაეთმო. როგორც შეხვედრაზე ჯერარდ ემპელმა განაცხადა, სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის მნიშვნელვანია სათანადოდ იქნას შესწავლილი და ათვისებული ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი.

ქართული პროდუქციისათვის ახალი საერთაშორისო ბაზრების მოძიების მნიშვნელობაზე საუბრისას, მხარეებმა ხაზი გაუსვეს იმ ახალ შესაძლებლობებს, რომელიც ქვეყანაში გაჩნდა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) გაფორმების შემდეგ.

"ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება ქართველ მწარმოებლებს საშუალებას აძლევს საკუთარი ნაწარმი და პირველ რიგში სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, დამატებით ტარიფების გარეშე გაიტანონ ევროკავშირის ბაზარზე. არის მთელი რიგი პროდუქცია, რომელიც აკმაყოფილებს მაღალ ევროპულ სტანდარტს და უკვე იყიდება ევროკავშირის ბაზარზე, მაგალითად ღვინო, თხილი, ხილი და ა.შ. რაც შეეხება სხვა პროდუქციას, შემუშავებულია ეროვნული პროგრამა, რომელიც ითავალისწინებს შვიდწლიან პერიოდში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას, რაც უზრუნველყოფს ეტაპობრივად სხვა პროდუქციის ექსპორტსაც ევროკავშირის ბაზარზე", - განაცხადა შალვა ფიფიამ.

.