ევროკავშირი ამერიკულ იმპორტს შეამცირებს, თუ ვაშინგტონი ევროპულ ავტომობილებზე საბაჟო ტარიფს გაზრდის

ევროკომისიის პრეზიდენტი ჯან კლოდ იუნკერი ტრამპის ადმინისტრაციას საპასუხო ნაბიჯის გადადგმის შესახებ აფრთხილებს. საქმე ეხება ევროკავშირიდან ამერიკაში იმპორტირებულ ავტომობილებს. იუნკერის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ თეთრი სახლი ევროკავშირში წარმოებულ ავტომობილებზე საბაჟო ტარიფს გაზრდის, ევროპა ამერიკულ იმპორტს შეამცირებს.

ამერიკის ვაჭრობის სამინისტრომ დონალდ ტრამპს მიაწოდა დასკვნა „ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებაზე“ გავლენების შესახებ. ამ ანგარიშის მომზადება დაიწყო 2018 წლის მაისში ტრამპის თხოვნით. ახლა ამერიკის პრეზიდენტს აქვს 90 დღე სამინისტროს რეკომენდაციების აღსრულების გადაწყვეტილების მისაღებად.

ანგარიშის დეტალები არ ხმაურდება, თუმცა ცალკეული საავტომობილო კომპანიების მხრიდან უკვე გაკეთდა ნეგატიური შეფასებები მოსალოდნელ ზომებზე. მათ შორის, ეს ნეგატიური შეფასებები კეთდება თავად ამერიკაში მოქმედი ავტომწარმოებლების მხრიდან, რომლებიც შედეგებში სამუშაო ადგილების შემცირებას და ზოგად ეკონომიკურ ფონზე უარყოფით გავლენას ასახელებენ.

გაფრთხილებით გამოვიდნენ ევროკავშირშიც, მათი განცხადებით, თუ ტრამპი გადადგამს ამ ნაბიჯს, ეს იქნება სავაჭრო ომის ესკალაციის მორიგი ნაბიჯი.

Stuttgarter Zeitung-თან ინტერვიუში ჟან კლოდ იუნკერი აცხადებს, რომ ასეთი ნაბიჯის შემთხვევაში ევროკავშირი შეამცირებს ამერიკიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ენერგომატარებლების იმპორტს.

კოკა კვირკველია