თურქეთში მედიკამენტების დეფიციტია

თურქეთის ეკონომიკური კრიზისის მორიგი მსხვერპლი ფარმაცევტული ბაზარი გახდა. თურქული ლირას გასული წლის ვარდნის შემდეგ იმპორტიორებმა წამლების შესყიდვა მნიშვნელოვნად შეამცირეს. ამასთან, ადგილობრივი ფარმაცევტული კომპანიები იმპორტირებულ ნედლეულზე მნიშვნელოვნად იყვნენ დამოკიდებული. ექსპერტების შესაფებით, ამ დროისთვის პაციენტების 20% საჭირო მედიკამენტს აფთიაქებში მათი არარსებობის გამო ვერ ყიდულობს.

აღსანიშნავია, რომ თურქეთში მედიკამენტების დეფიციტი უკვე სამი წელია რაც ფიქსირდება, ანუ იქამდე, ვიდრე ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემები დაიწყებოდა. მთავარ პრობლემად სახელდება ხელისუფლების არასწორი პოლიტიკა და ამ სექტორის ზედმეტი და არასწორი რეგულაციები.

თურქეთის ხელისუფლება მედიკამენტებზე ფასებს წელიწადში ერთხელ ლირა-ევროს კურსის მიხედვით განსაზღვრავს. ამ რეგულაციის შედეგად კი ფასთა სხვაობა გაიზარდა და იმპორტიორები წაგებაში გავიდნენ, რის გამოც უბრალოდ, უარი თქვეს მედიკამენტების იმპორტზე.

ადგილობრივი ექსპერტების განცხადებით, თუ რეგულაციები არ გაუმჯობესდა, ქვეყანა კიდევ უფრო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება და ამას შესაძლოა, მოჰყვეს საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილებაც.

კოკა კვირკველია