”უნისონში” დაზღვეულთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია წელსაც შენარჩუნდა

სადაზღვევო კომპანია ”უნისონი“ საერთაშორისო ფონდ "კურაციოს" განცხადებას ეხმაურება.

მედიაში გასული ინფორმაციის თანახმად, საერთაშორისო ფონდ "კურაციოს" წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ „კერძოდ დაზღვეულთა“ რაოდენობა მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით 117 000 ერთეულით შემცირდა, რასაც ”უნისონი” არ ეთანხმება.

”მაშინ, როდესაც ხელისუფლების მხრიდან დაანონსდა მოსახლეობის საყოველთაო დაზღვევის პროგრამის განხორციელების შესახებ, რამდენადაც ჩვენი კომპანია არ მონაწილეობს და არ მონაწილეობდა სახელმწიფო პროგრამებში და თავიდანვე ორიენტირებული ვიყავით მხოლოდ კორპორატიული სეგმენტის ათვისებაზე, დღის წესრიგში დადგა კორპორატიულად, კერძოდ დაზღვეულთა რაოდენობის და ზოგადად, დაზღვეულთა კონტიგენტის მზარდი დინამიკის შენარჩუნებისათვის, გადაუდებელი ღონისძიებების გატარება.

უფრო მეტიც, ჩვენ ვთვლით, რომ სახელმწიფოს სახით (მოსახლეობაზე შეთავაზებული სადაზღვევო პაკეტების მიხედვით) ძლიერი კონკურენტის გამოჩენამ, ავტომატურად, მაქსიმალურად გააუმჯობესა პოტენციური კლიენტებისათვის შესათავაზებელი სამედიცინო დაზღვევის კორპორატიული პაკეტები და ამ მხრივ, პოტენციური მომხმარებელი კიდევ უფრო უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენა.

ჩვენს კომპანიაში, ამ მიმართულებით დროული და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება, აღმოჩნდა პოზიტიური შედეგის მომტანი, რაც პირველ რიგში, სწორედ რომ დაზღვეულთა კონტიგენტის ზრდაზე აისახა”,-ნათქვამია ”უნისონის” განცხადებაში.

სადაზღვევო კომპანიაში ამბობენ, რომ 2012-თან შედარებით 2013-ის მაჩვენებლებით ”უნისონში” დაზღვეულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და ზრდის ტენდენცია მიმდინარე წელსაც შენარჩუნებულია, რასაც დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალური სტატისტიკაც ადასტურებს.

სადაზღვევო კომპანიაში ამბობენ, რომ მათთვის გაუგებარია, რომელი სტატისტიკით იხელმძღვანელა და რა ინფორმაციაზე დაყრდნობით გაკეთდა საერთაშორისო ფონდმა ”კურაციომ” განცხადება, რომ 117 000 ერთეულით შემცირდა კერძოდ დაზღვეულთა რაოდენობა, რაც მარტივად გულისხმობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან უკეთესი სადაზღვევო პირობების შეთავაზების გამო, კერძო სადაზღვევო სექტორიდან ბენეფიციარებმა სახელმწიფო დაზღვევის უზრუნველყოფის ქვეშ გადაინაცვლეს.

”სადაზღვევო კომპანია ”უნისონის” მენეჯმენტი, ქვეყანაში მიმდინარე ნებისმიერ ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ პროცესებზე ღრმა დაკვირვებისა და ანალიზის შედეგად, ასევე სადაზღვევო კუთხით საკანონმდებლო ბაზაში მომზადებული მრავალი ცვლილებების პროექტის მიხედვით, ვპროგნოზირებთ სრულიად საწინააღმდეგოს და მიგვაჩნია, რომ მალე, განსაკუთრებულად განვითარებული და დასავლურ ქვეყნებს მიახლოებული, მძლავრი სადაზღვევო ინდუსტრია იქნება წარმოდგენილი ქართულ ეკონომიკაში. რაც მაღალი ხარისხით გაწეულ მომსახურებასა და დაზღვევის ხელმისაწვდომობაში აისახება და პირველ რიგში წაადგება ჩვენს მომხმარებელს”, -ამბობენ ”უნისონში”.