უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით.
ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.
თოდრაძემ დასაქმებისა და უმუშევრობის 2018 წლის IV კვარტალის მაჩვენებლები წარმოადგინა.
მისივე თქმით, უმუშევრობის დონის მაჩვენებელი 2018 წელს წინა წელთან შედარებით შემცირებულია ორივე სქესის მოსახლეობაში. კერძოდ, კაცებში 1,1%-ით შემცირდა და 13,9% შეადგინა, ხოლო ქალებში აღნიშნული მაჩვენებელი - 1,5% -ით და 11,2%-ის ფარგლებშია.
მისივე განმარტებით, ზოგადად, უმუშევრობის დონის 2018 წლის წლიური მაჩვენებელი 12.7 პროცენტის ფარგლებშია, რაც 1.2 პროცენტული პუნქტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
საქსტატში აცხადებენ, რომ ბოლო 9 წლის განმავლობაში უმუშევრობის დონის წლიური მაჩვენებლის შემცირების ტენდენცია ფიქსირდება, ამასთან უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში აღნიშნული მაჩვენებელი 2018 წელს ყველაზე დაბალ ნიშნულს აღწევს.