2018 წელს საქართველოში სამაცივრე მეურნეობების რაოდენობა გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის IV კვარტალში 62 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, ხოლო 2017 წელს - 34. ამასთან, 2018 წლის IV კვარტალში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდული პროდუქციის 66.7% ადგილობრივი წარმოების იყო, მაშინ, როდესაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს ციფრი 49,4%-ს შეადგენდა.
2018 წლის IV კვარტლის მონაცემებით, სამაცივრე მეურნეობების უმრავლესობა შიდა ქართლის (33.9%) და ქვემო ქართლის (16.1 %) რეგიონებშია განთავსებული. საქსტატის ინფორმაციით, მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია თბილისში (14.5 %), სამეგრელო-ზემო სვანეთის (14.5 %), იმერეთის (6.5 %), კახეთის (4.8 %), მცხეთა-მთიანეთის (4.8 %), გურიის (3.2 %) და სამცხე-ჯავახეთის (1.6 %) რეგიონში.
ამასთან, 2018 წლის IV კვარტლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 293 მომხმარებელს. ხოლო მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია - 178 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 858 კაცით განისაზღვრა.
2018 წლის IV კვარტლის განმავლობაში მაცივრებში შენახული იყო 68.7 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 59.0 % ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 20.7 % პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით), 9.1 % ხილი და ბოსტნეული, 8.3 % - თევზეული, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა.
საქსტატის ინფორმაციით, სამაცივრე მეურნეობების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით 2018 წლის IV კვარტლის განმავლობაში შესყიდულია 3.7 ათასი ტონა პროდუქცია. რაც შეეხება მომსახურების საფასურს - 2.8 მლნ. ლარი შეადგინა.
აღნიშნული მონაცემების მიხედვით, 2018 წლის IV კვარტლის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 26.5 მლნ. ლარის ღირებულების (6.8 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც შედარებით დიდი ნაწილი (66.7 %) იყო ადგილობრივი წარმოების. ამასთან, სამაცივრეების მიერ გაყიდული ადგილობრივი პროდუქციის 90.8 პროცენტი მოდიოდა ქათმის ხორცზე. ხოლო, იმპორტირებული პროდუქციის მნიშვნელოვან მოცულობას პირუტყვის ხორცი/ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (35.8 %) და თევზეული (37.5 %) წარმოადგენდა.
გარდა ამისა, სამაცივრეების მიერ გაყიდული პროდუქციიდან უცხოურ ბაზარზე ქათმის ხორცის, ხილისა და ბოსტნეულის რეალიზება მოხდა. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) ოქტომბერში შეადგენდა 53.1 %-ს, ნოემბერში - 57.1%-ს, ხოლო დეკემბერში 52.6%-ს.
რაც შეეხება ელევატორებს 2018 წლის IV კვარტალში საქართველოში 27 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც ქვემო ქართლის (37.0 %) რეგიონში იყო განთავსებული. ამასთან, ელევატორების 33.3% ფუნქციონირებს შიდა ქართლის რეგიონში, 14.8 % - თბილისში, 11.1% - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში და 3.7 % გურიის რეგიონში.
საქსტატის ინფორმაციით, 2018 წლის IV კვარტლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 16 მომხმარებელს, მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია - 80 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 1,080 კაცით განისაზღვრა.
ამასთან, 2018 წლის IV კვარტლის განმავლობაში ელევატორებში შენახული იყო 142.6 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 68.7 % იყო ხორბალი, ხოლო დანარჩენ პროდუქციას (სიმინდი, ქერი, ქატო, ალაო და ა.შ) უმნიშვნელო წილი ჰქონდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის IV კვარტლის განმავლობაში ელევატორების მიერ გაყიდულია 69.8 მლნ ლარის ღირებულების 90.2 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 54.7 % იყო ადგილობრივი წარმოების რომელთა შორის, როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით, ჭარბობდა ხორბლის ფქვილი (86.5 %). გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად საცავების ჯამური ტევადობიდან) ოქტომბერში შეადგენდა 39.6%-ს, ნოემბერში - 40.0 %-ს, ხოლო დეკემბერში 38.8%-ს.