კომპანიების საქმიანობა, რომლებმაც „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში მიიღეს დაფინანსება, უმეტესწილად, წარმატებულია და მთლიანობაში, მათ საქართველოს ეკონომიკაში მხოლოდ პოზიტიური წვლილი შეიტანეს საბიუჯეტო გადასახადების ჩათვლით, ამიტომ არავის უნდა შეეპაროს ეჭვი, რომ ეს არის წარმატებული პროგრამა, რომელსაც, პირდაპირი ეფექტის გარდა, ასევე ძალიან დიდი არაპირდაპირი ეფექტი აქვს საქართველოში ბიზნესისა და მეწარმეობის პოპულარიზაციის კუთხით, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.
აღნიშნულ პრეზენტაციაზე კომპანიამ „ბიდიომ“ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ინდუსტრიული ნაწილის ტექნიკური მხარდაჭერისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტების შედეგების ეფექტიანობის კვლევის შედეგები წარმოადგინა. კვლევა ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დაკვეთით განხორციელდა.
როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, კვლევის პროცესისთვის შეირჩა 100 ისეთი ბენეფიციარი, რომელთა პროგრამაში ჩართვიდან მინიმუმ 2 წელია გასული და შესაბამისად, მათი შესწავლით, შესაძლებელი იყო თავად ამ ბენეფიციარების საქმიანობის შედეგების და პროგრამის ეფექტიანობის შეფასება.
აღნიშნული 100 კომპანიიდან კვლევაში ნებაყოფლობით მონაწილეობა მიიღო 85-მა საწარმომ, რომელთაგან 30 სტარტაპია, ხოლო 55 - არსებული საწარმო, რომლებიც პროგრამის დახმარებით გადაიარაღდნენ და გაფართოვდნენ.
„მსურს აღვნიშნო, რომ ამ კომპანიების დაფინანსებაზე დაიხარჯა 17,6 მილიონი ლარი, მაგრამ მათ მხოლოდ გადასახადების სახით ბიუჯეტში 40 მილიონზე მეტი შეიტანეს. ეს არის პროგრამა, რომელიც განკუთვნილია, რომ საქართველოში დანერგოს და კიდევ უფრო განავითაროს მეწარმეობის კულტურა, განსაკუთრებით რეგიონებში. ეს არ არის პროექტი, რომელიც მხოლოდ ასუბსიდირებს ეკონომიკას - ეს არის წამახალისებელი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვატარებთ ასევე ძალიან ბევრ ტრენინგებს, რომლის ფარგლებშიც კომპანიებს ვასწავლეთ ბიზნესგეგმის დაწერა და ა.შ. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან როგორც ვთქვი, პროგრამას აქვს როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი ეფექტი ჩვენი ეკონომიკისთვის“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.
„რაც შეეხება ჩატარებულ კვლევას, გამოიკვეთა შემდეგი ძირითადი ინდიკატორები:
ბენეფიციარების მიერ შექმნილი მშპ - 2014-2018 წლებში ზემოაღნიშნული კომპანიების მიერ შეიქმნა 164 მილიონ ლარზე მეტი მშპ, სადაც 54% შექმნილია არსებული საწარმოების გაფართოების, ხოლო 46% - სტარტაპების მიერ.
ბენეფიციარების მიერ მიღებული შემოსავლები - კვლევაში მონაწილე 85 ბენეფიციარის მიერ მიღებული მთლიანი შემოსავალი 2014-2018 წლებში 390 მილიონი ლარია.
ინვესტიციები - პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარების მიერ, 2014-2018 წლებში, მიღებული სესხების, სხვა სესხებისა და კაპიტალში შენატანების წილი, შესაბამისი პერიოდის ქვეყნის მთლიან შიდა ინვესტიციებთან მიმართებით, შეადგენს დაახლოებით 0.38%-ს, რაც 247 მლნ ლარზე მეტია.
პროგრამის ფარგლებში დასაქმებულთა რაოდენობა - პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარების ჩართვის შემდეგ, თანამშრომელთა რაოდენობის წმინდა ზრდამ 3,033, ბენეფიციარების მიერ მათთვის გადახდილმა მთლიანმა სახელფასო ფონდმა კი, საშემოსავლო გადასახადის გარეშე, 25.6 მლნ. ლარი შეადგინა.
ბენეფიციარების მიერ გადახდილი გადასახადები - პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარების მიერ გადახდილი გადასახადები აჭარბებს 42.5 მლნ ლარს, 2014-2017 წლების პერიოდისთვის და ქვეყნის მასშტაბით ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების 0.13%-ს შეადგენს.
ექსპორტი - 2013-2018 წლებში, აღნიშნული ბენეფიციარების საექსპორტო გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა 311 მლნ ლარი შეადგინა.
კონკურენტუნარიანობა - პროგრამის დახმარებით, ბენეფიციარებმა გააუმჯობესეს წარმოების მასშტაბები, ხარისხი, წარმოებული პროდუქციის მრავალფეროვნება და ცდილობენ კონკურენცია გაუწიონ იმპორტს“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.