ბოლივუდისა და ქართული მხარის პირველი კოპროდუქციული ნამუშევრის გადაღებები საქართველოში მიმდინარეობს

2014 წლის ივლისის მეორე ნახევრიდან საქართველოში მიმდინარეობს პირველი ქართულ-ბოლივუდური კოპროდუქციით (სხვადასხვა ქვეყნების ერთობლივი კინემატოგრაფიული ნამუშევარი) ფილმის გადაღებები.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ,  საქართველოთი ინდოელი პროდიუსერების დაინტერესება უკავშირდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის ინიციატივას, როდესაც პირველად იქნა მოწვეული ინდოელ პროდიუსერთა ჯგუფი.

ზემოხსენებული ფილმი რიგით მესამეა, თუმცა წარმოადგენს პირველ კოპროდუქციულ ნამუშევარს. ინდოელმა პროდიუსერებმა საქართველოში ასევე გადაიღეს სარეკლამო და ვიდეო რგოლები. ჯამში ქვეყანაში 5 მილიონ აშშ დოლარამდე დაიხარჯა.

ინდური მხრიდან ფილმს იღებს "პროდაქშენ ჰაუსი "Paparatzy Production". კომპანია დაარსებულია გაურანგა (მითჰუნ) ჩაკრაბორტის მიერ, რომელიც ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და გავლენიან მსახიობად ბოლივუდში და ზოგადად, ინდურ კინომატოგრაფიაში. იგი არის ცნობილი როგორც პირველი მოცეკვავე მსახიობი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ცეკვის ჟანრს ინდურ კინოში. მან მოიპოვა განსაკუთრებული აღიარება 1982 წელს მხატვრულ ფილმ "დისკოს მოცეკვავეში" მთავარი როლის შესრულებისთვის.

კოპროდუქციის ფარგლებში ქართული მხრიდან წარმოდგენილია კომპანია "მეტრო სტუდია", რომელიც გადაღებების პროცესს უზრუნველყოფს საკუთარი აპარატურით. გადაღებების აღმასრულებელი პროდიუსერია ასევე ქართული კომპანია S2 Production. გადაღებებისას მუდმივად დასაქმებულია ტექნიკოსთა 40 კაციანი ჯგუფი, ხოლო მეორეხარისხოვან როლებსა და მასიურ სცენებში - 200-მდე ადამიანი.

სასიყვარულო ჟანრის მხატვრული ფილმის გადაღებები 25 დღის მანძილზე გაგრძელდება. ლოკაციების მხრივ მთავარი აქცენტია ქ. თბილისზე, სხვადასხვა სცენების გადაღება მოხდება ასევე სიღნაღში, ყვარელში და სტეფანწმიდაში.

ფილმის სცენარის მიხედვით, მოქმედება ვითარდება აშშ-ში, ინდოეთსა და საქართველოში, მაგრამ რეალურად ყველა სცენა გადაღებული იქნება საქართველოს ტერიტორიაზე.

2014 წლის 16 ივლისს მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია გადაღებები ქ. მცხეთაში, დედათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე.

აღსანიშნავია, რომ საქართველო, როგორც ფილმის სიუჟეტის ნაწილი, დაფიქსირებულია სცენარშიც და ნახსენებია ფილმის ერთ-ერთ "საუნდთრექშიც". ეს ფაქტი ხელს შეუწყობს ინდოელი ტურისტების საქართველოთი დაინტერესებას და გაზრდის საქართველოს მიმართულებით მოგზაურთა ნაკადს.

ფილმის პრემიერა დაგეგმილია 2014 წლის თებერვალში ბოლივუდში და შემდგომ საქართველოში.