დედაქალაქის მუნიციპალური განვითარების გენგეგმის პროექტი ცვლილებებისთვის თბილისის საკრებულოდან მერიაში ბრუნდება

დედაქალაქის მუნიციპალური განვითარების გენგეგმის პროექტი ცვლილებებისთვის თბილისის საკრებულოდან მერიაში ბრუნდება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკრებულოს დეპუტატებმა დღეს, რეგიონული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომიტეტის სხდომაზე მიიღეს.

კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტი განიხილეს და კენჭი უყარეს, რომ აღნიშნული პროექტი შესწორებებისთვის მერიაში დაბრუნდეს. თბილისის მერიამ კი თავის მხრივ პროექტი საკრებულოში უკან 7-10 დღის ვადაში უნდა შეიტანოს.

დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტის განხილვას კომისიის სხდომაზე თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, ურბანული საქალაქო სამსახურის უფროსი სანდრო ტოგონიძე, "სითი ინსტიტუტის" წარმომადგენლები და სხვა პირები ესწრებოდნენ.

"გენგეგმის პროექტი დღეს მერიას უბრუნდება, რათა გადამუშავებული ვერსიით დაუბრუნდეს საკრებულოს ახალ რეგულაციებთან ერთად. ჩვენ ვაცხადებდით, რომ ვმუშაობდით რეგულაციებზე. ვფიქრობ, უპრეცედენტო გადაწყვეტილება იქნება მიღებული დედაქალაქისთვის. რეგულაციას, რომელმაც დაანგრია ჩვენი ქალაქი და პრობლემები შეუქმნა, როგორც საცობების, ასევე ურბანული, არასწორი განაშენიანების კუთხით, წერტილი დაესმება. პირველი, რასაც ჩვენ ვგეგმავთ ამასთან მიმართებით, ეს არის პარამეტრების ცვლილების, ე.წ. k2-ის კოეფიციენტის მატების შეზღუდვას, როგორც რეგულირების გეგმის, ასევე ინდივიდუალური ნაკვეთებზე. რაც შეეხება ისტორიულ ზონებს, ე.წ. k2-ის მატებას, ეს მოქმედი კანონმდებლობითაც, პრაქტიკულად, შეზღუდული იყო. რაც შეეხება ავარიულ შენობებს, მთელ თბილისშია. დაწყებულია ავარიული უბნის, ვარკეთილის მე-2 მ/რ-ის განაშენიანების რეგულირების გეგმის მომზადება, სადაც როგორც კოეფიციენტთან, ასევე, ინტენსიურობასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტი თავად მიიღებს გადაწყვეტილებას. ჩვენი მიზანია, ურბანული დაგეგმარების ძალაუფლება მეტად გადავიდეს ქალაქის ხელში და არ იყოს ბიზნესის მოთხოვნების შემსრულებელი", - განაცხადა ბითაძემ.

მან მადლობა გადაუხადა ბიზნესსაც თანადგომისთვის, რადგან მათთან ერთად სამთვიანი მუშაობის შედეგად დღეს მერია ქალაქის სწორ ურბანულ განვითარებაზე საუბრობს. მისივე თქმით, დაახლოებით 10 დღის ვადაში დაუბრუნდება გენგეგმის პროექტი საკრებულოს რეგულაციებთან ერთად. ბითაძემ იმედი გამოთქვა, რომ საკრებულოში პროექტს ერთსულოვანი მხარდაჭერა ექნება.