ცხენის ხორცით 8 თვე გამოკვებილი აღსაზრდელები საბავშო ბაღში - სად და როგორ საღდებოდა საქონლის ხორცის სახელით სხვა პროდუქტი?

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო ბაღებში ბავშვების კვების რაციონისთვის გათვლილი ცხენის ხორცის გამოვლენის ოთხ შემთხვევას ადასტურებს.

სააგენტოს ინფორმაციით, რეგიონების სხვადასხვა დაწესებულებაში გასულ წელს ჩატარებული მოკვლევის შედეგად, საერთო ჯამში ცხენისა და ვირის ხორცის ამოღების 34 შემთხვევა დაფიქსირდა. სწორედ მსგავსი საგანგაშო სტატისტიკის გამო საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვებით მომარაგების საკითხის კიდევ უფრო გამკაცრება იგეგმება. აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, დარღვევების შემთხვევაში კომპანიას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.

"ახალი საქართველოს" წევრის თეონა ჭალიძის განცხადებით, კონკრეტულად სამტრედიის საბავშვო ბაღი რვა თვის განმავლობაში მარაგდებოდა ცხენის ხორცით. მომხმარებელთა ფედერაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ცხენის ხორცის რეალიზაციის შემთხვევები თბილისშიც არაერთხელ დაფიქსირებულა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურიშვილმა პარლამენტში, აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს გასულ წელს ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით არსებული შედეგები გააცნო. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წელს ტყვიის გადაჭარბებული ოდენობა არ გამოვლინდა ხორცის ნიმუშებში, ხოლო დადგენილ ნორმაში შეუსაბამობა გამოვლინდა ნედლი რძის 15 ნიმუშსა და სუნელების 8 ნიმუშში.

წყარო: PALITRANEWS.GE