კონკურენციის სააგენტომ შპს ,,ბურგალა +“ -ის საჩივარი დაუშვებლად ცნო. საჩივარი შეეხებოდა „აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალის“ მიერ დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების სავარაუდო ფაქტს.
მომჩივანი აპელირებდა იმ გარემოებაზე, რომ უსფ „აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი“, რომელიც წარმოადგენს მინერალური წყალი „ბორჯომის“ მწარმოებელს, სავაჭრო ქსელში შეძენილ პროდუქციაზე შესაბამისობის დეკლარაციას არ გასცემდა, რის გამოც შპს „ბურგალა+“ პროდუქციის ექსპორტზე გატანას ვერ ახორციელებდა.
„საჩივარში მითითებულ ერთ-ერთ სადავო ქმედებას წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ მწარმოებელმა მიმართვისთანავე არ გასცა შესაბამისობის დეკლარაცია და მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები. თუმცა, შესაბამისი მარეგულირებელი კანონმდებლობის ანალიზისა და სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან გამართული ინტენსიური კონსულტაციების შედეგად გამოიკვეთა, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია გაუმართლებელ, კანონსაწინააღმდეგო ან არაგონივრულ მოთხოვნებს, რომელიც გარკვეულწილად შექმნიდა საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევის არსებობის მინიმალურ ალბათობას. სხვა სადავო ქმედებებთან მიმართებაში კი არ წარმოდგენილა შესაბამისი მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა მოპასუხის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ანალიზის შედეგად, დადგინდა, რომ წარმოდგენილი საჩივარი ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ დასაშვებობის წინაპირობებს, რის შედეგადაც სააგენტომ საჩივრის დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება,“- აღნიშნულია კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციაში.