სემეკი - ტარიფის შესაძლო მატებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

სემეკის განცხადებით, "ტარიფის შესაძლო მატებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ამ ეტაპზე ამგვარი პროგნოზების გაკეთება საფუძველს მოკლებულია".

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია სს "ენერგო პრო ჯორჯიასთვის" სამომხმარებლო ტარიფების შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით ბოლო დღეებში მედია საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით ეხმაურება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 15 ივლისს სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" გაიმართა ფორუმი ელექტროენერგეტიკის სექტორში ახალი სატარიფო მეთოდოლოგიების პროექტებსა და ელექტრულ ქსელში ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესთან დაკავშირებით. კომისიის ღონისძიების ერთადერთი მიზანი იყო საზოგადოების ფართო ფენებისათვის, მათ შორის ელექტროენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიებისათვის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, ენერგეტიკოსებისათვის, დამოუკიდებელი ექსპერტებისა და მედიის წარმომადგენლებისათვის გაეცნო პროექტები და პროექტებში ასახული სიახლეები. "ენერგო პრო ჯორჯიას" სამომხარებლო ტარიფის ცვლილებასთან დაკავშირებით კომისიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრების მიერ მედიისათვის გაკეთებული კომენტარები წარმოადგენს კონკრეტული პირების მოსაზრებას. კომისია ცალსახად აღნიშნავს, რომ ფორუმზე მსჯელობის თემა არ შეეხებოდა რომელიმე გამანაწილებელი კომპანიისათვის ტარიფის დადგენას ან შეცვლას. კომისია აცხადებს, რომ "ენერგო პრო ჯორჯიასათვის" სამომხმარებლო ტარიფის შესაძლო მატებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ამ ეტაპზე ამგვარი პროგნოზების გაკეთება საფუძველს მოკლებულია. ტარიფის გაანგარიშება მოხდება ახალი სატარიფო მეთოდოლოგიის საფუძველზე, რომელიც უზრუნველყოფს ცალსახად გამჭვირვალე და სამართლიანი ტარიფის დადგენას", - ნათქვამია განცხადებაში.