სამხრეთ კორეა გახდება პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც დაიწყება 5G ქსელის კომერციული ექსპლუატაცია. ამის შესახებ ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა ხონ ნამ გიმ განაცხადა.
სააგენტო „იონჰაპის“ ცნობით ტექნოლოგია 5G-ის მასობრივი ტესტირება გასულ წელს ზამთრის ოლიმპიადის ფარგლებში მოხდა, რომელიც პხონჩანგში გაიმართა.
მობილური კავშირის მეხუთე თაობა (5G) უზრუნველყოფს უფრო მაღალსიჩქარიან გამტარუნარიანობას. მისი საშუალებით მონაცემთა გადაცემის მაქსიმალურმა სიჩქარემ შეადგინა 25გბ/წამში. ამ სიჩქარით კი შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში 8K (Ultra HD) ხარისხის ვიდეოს ტრანსლირება.
სამხრეთ კორეაში 5G-ს კომერციულ ექსპლუატაციას მარტში გეგმავენ. სამხრეთ კორეის სამი უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია - SK Telecom, KT და LG Uplus - მათ ქვეყანაში 5G ქსელის ინტეგრირებისთვის 3 ტრილიონი ვონის (2,6 მილიარდი დოლარის) გამოყოფას გეგმავენ.