ავტომობილების სავალდებულო დაზღვევა, რომელიც ივლისიდან ამოქმედდება, თითოეულ ავტომფლობელს საშუალოდ, 150 ლარი დაუჯდება. კანონპროექტი პარლამენტში უკვე განიხილეს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, კანონის ძალაში შესვლის შემდეგ მოქალაქეებიდან წლიურად 180 მლნ ლარის ამოღება მოხდება.
აღნიშნული კანონპროექტის მომზადებაში ჩართული არ ყოფილან არასამთავრობო ორგანიზაციები და დარგის სპეციალისტები სამოქალაქო სექტორიდან, შესაბამისად, ამ კუთხით მოსალოდნელია დიდი დაპირისპირება.
საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებისათვის 2019 წლის 1-ლი ივლისიდან სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა შემოდის. კანონპროექტი ადგენს წლიური სადაზღვევო პრემიის მინიმალურ და მაქსიმალურ ოდენობას ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიების მიხედვით.
ქვეყანაში ამ დროისათვის 1,2 მლნ მოქმედი ავტოსატრანსპორტო საშუალებაა. თითოეული მათგანის დაზღვევა, საშუალოდ 150 ლარი ეღირება. გამოდის, 1 წლის განმავლობაში დაახლოებით 180 მლნ ლარის მობილიზება მოხდება მხოლოდ ამ გზით.
აღსანიშნავია ისიც, რომ ავტომფლობელებს, რომლებიც კერძო სადაზღვევო პაკეტით უკვე სარგებლობენ, მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედების შემდეგ დამატებითი სადაზღვევო შენატანის გაკეთება მაინც მოუწევთ.
კანონპოექტის პირველი მოსმენის შემდეგ შენიშნვები არა მხოლოდ ავტომფლობელებმა, არამედ თავად სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლებმაც კი გამოთქვეს.
საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხიჩინაშვილი მიიჩნევს, რომ შესაცვლელია კანონპროექტით გათვალისწინებული სატარიფო ბადეც.
"ვფიქრობ, პირველ ეტაპზე, 5-6 წლის განმავლობაში, როდესაც მთავრობა დაადგენს ფასს, ის უნდა იყოს მიბმული მანქანის კლასზე და ამის მიხედვით უნდა მოხდეს ტარიფის განსაზღვრა. უფრო სოციალური მომენტია, რომ პატარა მანქანის მფლობელი ნაკლებს იხდიდეს, ხოლო დიდი გამავლობის ავტომობილის მფლობელი – მეტს", - განაცხადა ხიჩინაშვილმა კანონპროექტის განხილვის დასრულების შემდეგ.
სისტემის შემუშავების პროცესში არ იყვნენ ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები და სფეროს სპეციალისტები. ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" დირექტორი ირაკლი იზორია თავად სისტემის ამოქმედებას დადებითად კი აფასებს, თუმცა არაერთი კითხვა აქვს დეტალებთან დაკავშირებით.
"აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტი ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა ისე, რომ არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ამ სფეროში მუშაობს, არ იყო ჩართული და მეტიც, ჩვენ არც კი ვიცოდით, რომ მსგავსი ინიციატივა მუშავდებოდა. არადა, დაახლოებით 7-8 წელია, ვითხოვთ მესამე პირის დაზღვევის ამოქმედებას, რომელიც ევროპის განვითარებულ სახელმწიფოებში აპრობირებული პრაქტიკაა და გამოცდილებამ აჩვენა, რომ კარგი ბენეფიტის მომტანია. პირველი მოსმენის შემდეგ გამოჩნდა, რომ კანონპროექტი საკმაოდ კარგადაა მომზადებული, თუმცა გვაქვს შენიშვნები ტარიფებთან დაკავშირებით. თუ ძალიან კარგად არ აუხსნის მოსახლეობას სახელმწიფო აღნიშნული კანონის სიკეთეს, დიდი უკმაყოფილება მოჰყვება, რაც პროცესს დააზარალებს.
გვაქვს ბევრი კითხვა, მათ შორისაა ავტომფლობელთა სამართლიანი პროტესტი - თუკი მათ უნდა აუნაზღაურონ მესამე პირს ზარალი, რატომ არ ანაზღაურებს სახელმწიფო ზიანს, რომელიც ავტომობილებს გაუმართავი საგზაო ინფრასტრუქტურის გამო ადგება? საერთაშორისო პრაქტიკა არის ამგვარი, როცა სადაზღვევოები მსგავს პროექტებში იღებენ მონაწილეობას, გარკვეული რესურსები ხმარდება საგზაო უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლებას. კანონპროექტის მთლიანად გაცნობის შედეგად აღმოჩნდა, რომ ეს ჩანაწერი არსებულ ინიციატივაში არ არსებობს", - აცხადებს "რეზონანსთან" იზორია.
არასამთავრობო სექტორი გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს, ოღონდ კითხვები საფასო პოლიტიკასა და სისტემის გამჭვირვალობას ეხება. გაერო-ს ექსპერტი გელა კვაშილავა "რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ არა მხოლოდ ევროპის განვითარებულ სახელმწიფოებში, მეზობელ ქვეყნებშიც კი უკვე დანერგილი და აპრობირებულია დაზღვევის მსგავსი სისტემა.
"მოგეხსენებათ, ხშირია შემთხვევა, როცა მონაწილე მხარეს არ შეუძლია ზარალის ანაზღაურება და ეს არცთუ იშვიათად ფიზიკურ დაპირისპირებამდე მიდის. ალბათ, ყველას ახსოვს ახლახან წავკისში მომხდარი ფაქტი, რომელიც ფატალურად დასრულდა, კონფლიქტის მიზეზი მაშინაც მანქანის დაზიანება იყო. ასეთი პრობლემების აღმოსაფხვრელად არა მხოლოდ განვითარებულ ქვეყნებში, ახლო სამეზობლოშიც კი დანერგილია საყოველთაო დაზღვევის სისტემა, მაგრამ იგი უნდა იყოს გამჭვირვალე და არ ჩნდებოდეს კითხვები. სისტემა აუცილებლად უნდა ამოქმედდეს, მაგრამ ძალიან ბევრი კითხვაა, თუ როგორი იქნება ის", - აცხადებს კვაშილავა.
მძღოლს, ჯარიმასთან ერთად, სავალდებულო დაზღვევის შესაძენად 72-საათიანი ვადა მიეცემა და თუ ამ ვადაში კვლავ დაუზღვევლად გააგრძელა ავტომობილის მართვა, ხელმეორედ დაჯარიმდება.
თამარ მუკბანიანი
გაზეთი "რეზონანსი"