ზონალურ/საათობრივი პარკირების საფასურის გადახდა შესაძლებელი იქნება როგორც სპეციალური მობილური აპლიკაციით, ასევე ქუჩაში დამონტაჟებული ჩარიცხვის აპარატებით, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
„ძალიან საინტერესოა აპლიკაციაა და უახლოეს მომავალში, როდესაც ზონალურ/საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება, ეს აპლიკაციაც ჩაეშვება და მომხმარებელს შესაძლებლობა ექნებათ, რომ ამ აპლიკაციის გამოყენებით გადაიხადონ პარკირების საფასური. შემოსული თანხა მთლიანად აკუმულირებელი იქნება სატრანსპორტო კომპანიის ბიუჯეტში და მოხმარდება მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას“, - განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, იმ ზონებში, სადაც საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება, დამატებითი ავტობუსები დაინიშნება.
„საათობრივი პარკირების ზონაში მუნიციპალიტეტი მოქალაქეებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიწოდებას გააძლიერებს და მათ მანქანის ალტერნატივად განახლებულ საზოგადოებრივ ტრანსპორტს შესთავაზებს“, - აღნიშნა კალაძემ.
როგორც დედაქალაქის მერმა დღევანდელი მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების საპილოტე პროექტი 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება.