ირაკლი ხმალაძე - „ცენტრ პოინტსა“ და M2 შორის შეთანხმება ვერ შედგა

თბილისის მერიაში ადასტურებენ, რომ „ცენტრ პოინტსა“ და M2 შორის შეთანხმება ვერ შედგა.

როგორც დედაქალაქის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განმარტა, შეთანხმებას რამდენიმე მიზეზის გამო ვერ მიაღწიეს, რამაც საბოლოო ჯამში, მოლაპარაკება ჩიხში შეიყვანა.

„საბოლოო ჯამში, შეთანხმება ვერ მოხერხდა, იმიტომ რომ გარკვეულ პირობებზე, რაც დაზარალებულების ინტერესებში შედიოდა, ვერ დაითანხმეს M2 და შეიძლება პირიქითაც იყო, გარკვეული პირობა, რაც წამოაყენა მან, იყო ჩვენთვის, ანუ დაზარალებულებისთვის მიუღებელი.

მთავარი ის არის, რომ ამ პროცესში მუნიციპალიტეტი არ გაჩერდება, ვიდრე, გარკვეული ასე ვთქვათ, ნორმალური, კარგი, საღი სცენარი არ დაიდება და არ მოხდება შეთანხმება. ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხია „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულების დაკმაყოფილება, ამას გიდასტურებთ და გავაგრძელებთ მუშაობას.

პირობებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან რამდენიმე ნიუანსი იყო, რომელმაც საბოლოო ჯამში, ეს მოლაპარაკება ჩიხში შეიყვანა“, - განაცხადა ხმალაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლებს მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს 4-4 წლით თავისულების აღკვეთა შეუფარდა. საგამოძიებო უწყება დებს 11 მილიონი ლარზე მეტის მითვისებას ედავება.