პარკირების საფასურის აზრი ის არის, რომ შემცირდეს მანქანების მოხმარება, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ პარკირების გადასახადის დაწესებასთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, სისტემა ივლისიდან ამოქმედდება და პარკირების საფასური საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას მოხმარდება.
"საკრებულოში უკვე ამ კვირაში გაიგზავნება პროექტი, დაიწყება კომისიებში მსჯელობა, შევჯერდებით საფასურებზე და პირველი ივლისიდან უკვე ამოქმედდება. მნიშვნელოვანი არის ის, რომ საფასური მთლიანად მიემართება მუნიციპალიტეტში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში, რომელიც ამ ფულს გამოიყენებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებისთვის. საფასურის აზრი არის ის, რომ შემცირდეს მანქანების მოხმარება. იქნება ეს 50 თეთრი, ლარი თუ სამი ლარი, ახლა ვერ გეტყვით. ის დონე უნდა დადგინდეს, რომელიც უზრუნვეყოფს ამ ტენდენციის შეცვლას, რომ ყოველწლიურად იზრდება მანქანების მოხმარება და მცირდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება. ეს უნდა შევატრიალოთ, რა საფასურითაც მივაღწევთ ამას, ის უნდა დადგინდეს", -განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
დედაქალაქში პარკირებაზე საათობრივი გადასახადი, თავდაპირველად რამდენიმე ქუჩაზე, 1-ელი ივლისიდან დაწესდება.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, საპილოტე პროექტი თავდაპირველად კოტე აფხაზისა (ლესელიძის) და მის მიმდებარე ქუჩებზე დაინერგება.