საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0%-ზე, შეინარჩუნა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, წინა კვარტლებში დაფიქსირებული ჭარბი საკრედიტო ზრდის შემდეგ, რომელზეც ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა არაერთხელ გაამახვილა ყურადღება, საკრედიტო პორტფელის წლიური ზრდა 2019 წლის იანვარში 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 16.7% შეადგინა.
„თუმცა, სესხების ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან გრძელვადიან ტრენდს კვლავ აჭარბებს, რაც მნიშვნელოვანწილად შინამეურნეობებზე გაცემული სესხებით არის განპირობებული. კომიტეტის შეფასებით, წლის დასაწყისიდან მომსახურებისა და უზრუნველყოფის კოეფიციენტების ლიმიტების ამოქმედება და 200 000 ლარამდე უცხოური ვალუტით სესხის აღების შეზღუდვა საკრედიტო ზრდას საშუალოვადიან პერიოდში მდგრად დონემდე დაიყვანს“, - აღნიშნულია სებ-ის განცხადებაში.
ამავე განცხადების მიხედვით, კომიტეტი მიიჩნევს, რომ ფიზიკური პირების პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩო, რომელიც 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა, უზრუნველყოფს ფინანსური სტაბილურობის რისკების შემცირებას და მას დადებითი გავლენა ექნება ეკონომიკაზე.
„აღნიშნული რეგულაცია შეამცირებს როგორც ჭარბ საკრედიტო ტვირთს, ისე გრძელვადიან საპროცენტო განაკვეთებს, რაც საშუალოვადიან პერიოდში ხელს შეუწყობს მდგრად ეკონომიკურ ზრდას. აღსანიშნავია, რომ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების დანერგვა ასევე შეესაბამება ევროდირექტივების მოთხოვნას. ბოლო წლებში მსგავსი რეგულაცია ამოქმედდა ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ესტონეთი, უნგრეთი, შვედეთი, დანია, ლიტვა, ჩეხეთი.
კომიტეტის შეფასებით, საქართველოს ფინანსური სისტემა პოტენციური შოკების მიმართ მდგრადობას ინარჩუნებს. საბანკო სექტორი მაღალკაპიტალიზირებული და ლიკვიდურია და მომგებიანობის მაღალ მაჩვენებელს ინარჩუნებს, ხოლო უმოქმედო სესხების წილი მთლიან დაკრედიტებაში კვლავაც დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საკრედიტო ციკლის აღმავალ ფაზაში უმოქმედო სესხების წილი, როგორც წესი, შემცირებით ხასიათდება. აქედან გამომდინარე, არ უნდა მოხდეს აღნიშნული მაჩვენებლის ზედმეტად ოპტიმისტურად შეფასება.
გლობალური ეკონომიკური აქტივობის შენელების და რეგიონული რისკების ფონზე, ნარჩუნდება საგარეო სექტორიდან მომდინარე რისკები. აღნიშნულის გათვალისწინებით, ფინანსური სტაბილურობისთვის განსაკუთრებით საყურადღებოა უცხოური ვალუტის სესხების ზრდა. საგარეო სექტორიდან მომდინარე რისკების შესარბილებლად და ბუფერების დამატებითი ზრდის მიზნით, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი რეკომენდაციას აძლევს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტს განიხილოს უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო მოთხოვნების ნორმის 5 პროცენტული პუნქტით ზრდა.
საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს, საშინაო და საგარეო რისკების შეფასებას და საჭიროებისამებრ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს შესაძლო რისკების მინიმიზაციისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2019 წლის 29 მაისს გაიმართება.