როგორ შეიცვალა ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის ქონება ერთ წელიწადში

საქართველოს ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა და პირველმა ვიცე პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გასულ წელს რამდენიმე უძრავი ქონება გაყიდა და აქედან 531,611 ლარის შემოსავალი მიიღო.

გარდა 2018 წელს გასხვისებული ქონებისა, „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორ შეიცვალა ქუმსიშვილის ქონება ერთ წელიწადში.

2019 წლის 28 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ეკონომიკის ყოფილ მინისტრს აღარ უფიქსირდება 188,48 კვ.მეტრისა და 90,7 კვ. მეტრი ფართობის ორი ბინა თბილისში; ასევე დედაქალაქში მდებარე 312 კვ. მ ფართობის საცხოვრებელი სახლი და 451 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთი; ამასთან, მის სახელზე აღარ ფიქსირდება 187,33 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელი სახლი თეთრიწყაროში და ამავე მისამართზე მდებარე 475 კვ. მეტრისა და 480 კვ. მეტრის ორი მიწის ნაკვეთი.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილს დეკლარაციაში აქვს მითითებული, აღნიშნული უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად 2018 წელს ქუმსიშვილის შემოსავალმა ჯამში, 531,611 ლარი შეადგინა. ამასთან, დეკლარაციის მიხედვით, ყოფილმა პირველმა ვიცე-პრემიერმა სამი უძრავი ქონება, თბილისსა და თეთრიწყაროში, მეორე რიგის მემკვიდრეზე გააჩუქა.

„ბიზნესპრსნიუსმა“ ყოფილი ვიცე-პრემიერის საკუთრებაში არსებული ქონება საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზეც გადაამოწმა. როგორც აღმოჩნდა, 2019 წლის 18 თებერვლის ამონაწერით, დიმიტრი ქუმსიშვილს დედაქალაქში მდებარე ორი ბინა მართლაც გაუსხვისებია. ხოლო თბილისსა და თეთრიწყაროში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრედ რეესტრში ასევე მიმდინარე წლის ამონაწერით ნინო ქუმსიშვილი ფიქსირდება.

რაც შეეხება ქუმსიშვილის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მიმდინარე წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ყოფილი მინისტრი ფლობს: 119,76 კვ. მეტრი ფართობის ბინას დედაქალაქში და ასევე თბილისში მდებარე 20 კვ. მეტრის ავტოფარეხს. მის საკუთრებაშია ასევე 2006 წელს გამოშვებული მსუბუქი ავტომობილი „მერსედეს ბენცი მლ“.

ჩვენ ქვეყანაში მუდმივად აქტუალურია თანამდებობიდან წასვლის შემდეგ სახელმწიფო მოხელეთა ფინანსური მდგომარეობის საკითხიც, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ მნიშვნელოვანი ცვლილება არ გვაქვს სახეზე. კერძოდ, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, მისი შევსების მომენტში დიმიტრი ქუმსიშვილს სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე 28,349.14 ლარი; 1 000 დოლარი და 2 836,32 ევრო ჰქონდა (მაშინ როცა 2018 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ჯამში 24,326.2 ლარი და 4,570.75 დოლარი ჰქონდა). ამასთან, ქუმსიშვილს დეკლარაციის შევსების მომენტში ნაღდი ფულადი თანხის სახით ჰქონდა 28 000 ლარი, რომელიც ფასიანი ქაღალდის განაღდების საფუძველზე აქვს მიღებული.