,,საქართველოს მთავრობის მხრიდან ანაკლიის პორტის პროექტს საფრთხე არ ემუქრება“ - ამის შესახებ დეპუტატებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განუცხადა. მან ,,მინისტრის საათის“ ფარგლებში ანაკლიის პორტის კონსორციუმის მხრიდან ხელშეკრულების გარკვეული პირობების დარღვევაზე ისაუბრა.
,,საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი გავიარეთ... ათი კომპანიაზე მეტი გახლდათ და ბოლოს გამარჯვებულად გამოვლენილი იყო ანაკლიის განვითარების კონსორციუმი. საქართველოს მთავრობა უშუალოდ არის დაინტერესებული ამ პროექტით. საფრთხე პროექტს არ ემუქრება საქართველოს მთავრობისგან, ახლა მთავარია უშუალოდ ანაკლიის კონსორციუმმა წარმატებით შეძლოს იმ ვალდებულებების შესრულება, რომელიც აღებული აქვს სახელმწიფოს წინაშე. თავიდანვე განსაზღვრული იყო, რომ პორტი არ უნდა ყოფილიყო სახელმწიფო საკუთრებაში და ის უნდა აეშენებინა და ემართა კერძო სუბიექტს. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი იყო. გამარჯვებულ კომპანიას უნდა ჰქონოდა გამოცდილება ან ჰყოლოდა პარტნიორები, ვისაც ჰქონდა გამოცდილება პორტის მართვის, ვინაიდან პორტმა უნდა შეძლოს და მოიზიდოს ახალი ტვირთები და ჩვენი გეოგრაფიული არეალი მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს“, - განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, ხელშეკრულების თანახმად, სახელმწიფოს პორტისთვის უნდა გამოეყო მიწა და არ უნდა აეღო ფინანსური ვალდებულება, გარდა გზის დაგებისა და რკინიგზის მოწესრიგებისა. „ხელისუფლებას არ ჰქონდა არც სურვილი და არც გეგმა, რომ ფინანსური მონაწილეობა მიეღო პროცესში. მაგრამ მას შემდეგ, რაც კონსორციუმმა მოგვმართა თხოვნით, რომ პროექტი იყო ძალიან რთული მხოლოდ ერთი კომპანიისთვის, საპარტნიორო ფონდმა გამოყო 100 მილიონი დოლარის სუბორდინირებული სესხი. სულ პორტისთვის საჭიროა 600 მილიონი დოლარი. 120 მილიონი დოლარის ინვესტიცია თავად კონსორციუმს უნდა მოეხდინა და მოეზიდა 400 მილიონი სესხის სახით. ეს თანხა მობილიზებული უნდა ყოფილიყო 2018 წლის პირველი იანვრისთვის. თუმცა ვერ მოხდა და ამიტომაც ჩვენ გადავუვადეთ 2019 წლის 1-ელი იანვრისთვის. ამ დროისთვის უნდა დაწყებულიყო პორტის აქტიური მშენებლობა. ჩვენ დღესაც არ გვაქვს სრული საპროექტო დოკუმენტაცია“, - განაცხადა მინისტრმა და იქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობა საკუთარი ძალებით ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე თუ სტრატეგიულ პარტნიორთან ხაზს უსვამს პორტის მნიშვნელობას და ცდილობს კონსორციუმს დაეხმაროს სესხის მოპოვებაში.
,,საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა შეისწავლეს პროექტი და შესწავლის შემდეგ მოგვაწოდეს პირობა, რომ განხორციელდეს ცვლილება ხელშეკრულების პირობებში. მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ მთავრობისგან ითხოვენ ტვირთების გარანტიას ანუ სესხების უზრუნველყოფას მთავრობის მხრიდან, რაც არ იყო ჩვენს თავდაპირველ ხელშეკრულებაში კონსორციუმთან ჩადებული. ჩვენ მზად ვართ შევასრულოთ ყველა ვალდებულება, რომელიც აღებული გვაქვს, აქტიურ კომუნიკაციაში ვართ ოთხივე საფინანსო ინსტიტუტთან, რომ მაქსიმალურად ამოვუდგეთ გვერდში და დავეხმაროთ კონსორციუმს თანხების მოძიებაში, თუმცა უნდა მისცეს თუ არა სრული საფინანსო გარანტია სახელმწიფომ სესხის აღების პროცესში ანაკლიის განვითარების კონსორციუმს, ამაზე ალბათ მომავალშიც ვიმსჯელებთ“, - განაცხადა მინისტრმა.