წყლის ხარისხი ძალიან დიდი პრობლემაა, შიდა ლოკალური ქსელით მოწყობილი სამუშაოები, ხშირ შემთხვევაში, სასმელი წყლის სტანდარტს არ შეესაბამება, რადგან არ არის გათვალისწინებული წყლის დამუშავების შესაბამისი ტექნოლოგიები, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმაპარლამენტში, ,,მინისტრის საათის“ ფორმატში, დეპუტატების შეკითხვების პასუხად განაცხადა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ წყლის ხარისხთან დაკავშირებით მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მუნიციპალიტეტებში აგზავნის სპეციალისტებს იმის შესაფასებლად, თუ რა არის არსებულ პროექტებზე დასამატებელი იმისთვის, რომ სტანდარტებს მიუახლოვდეს.
,,ასევე მნიშვნელოვანია წყლის მართვის საკითხი. მართვაში ვგულისხმობ იმას, რომ დღეს საქართველოში მხოლოდ 9 ლიცენზირებული წყალმომარაგების კომპანიაა, რომელიც წყლის სისტემების მართვას ახორციელებს. სხვა შემთხვევაში ეს არის ე.წ სოფლის წყლები, რომლებიც არც ლიცენზირებული კომპანიები არ არიან და ხშირ შემთხვევაში არც წყლით სარგებლობის მოსაკრებელს იხდიან. მთლიანობაში, ამ სისტემის მენეჯმენტი, მართვა არის სწორედ შესწავლის საგანი, რაშიც USAID, ADB და სხვა დონორები გვეხმარებიან, რომ სისტემა უკეთ გავმართოთ“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.