"რეგიონებში პროექტებს მთლიანად მუნიციპალიტეტები მართავენ, ჩვენ ვახორციელებთ მონიტორინგს და ვეხმარებით მათ"

რეგიონებში პროექტებს მთლიანად მუნიციპალიტეტები მართავენ, ჩვენ ვახორციელებთ მონიტორინგს და ვეხმარებით მათ, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმაპარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში განაცხადა.

„რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის განაწილების ფორმულა შევცვალეთ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რაოდენობის შესაბამისად. ასევე, შემოვიღეთ სტიმულირების პროგრამა, რაც ნიშნავს იმას, რომ მუნიციპალიტეტებში 1 მაისამდე უნდა გამოვლინდეს გამარჯვებული კომპანიები. წინააღმდეგ შემთხვევაში, თანხების 50% დაბრუნდება ფონდში და განაწილდება სხვა პროექტებზე. დამატებით თანხებს გადავანაწილებთ იმ მუნიციპალიტეტებზე, რომელთაც პროექტების დაახლოებით 75% ექნებათ დაკონტრაქტებული. ესაა დამატებითი სტიმული პროექტების ვადებში და ხარისხიანად გაკეთებისთვის“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა დღეს პარლამენტში გამოსვლისას.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, მინისტრმა 2018-2019 წლების მონაცემები დეპუტატებს დეტალურად გააცნო და იმედი გამოთქვა, რომ წლევანდელი მაჩვენებლები ბევრად უფრო პროდუქტიული იქნება.

მისივე თქმით, რეგიონებში პროექტებს მთლიანად მუნიციპალიტეტები მართავენ, სამინისტრო კი მონიტორინგს ახორციელებს და ეხმარება მათ.

„განხორციელებული ცვლილებები, როგორც საპროექტო, ისე სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიმართულებებით ხელს შეუწყობს ქართულ სამშენებლო სექტორს. 650 კომპანია მონაწილეობს რეგფონდის პროექტებში, საიდანაც 150-ზე მეტი ახალია და მანამდე არ ფიქსირდებოდა მუნიციპალიტეტების ტენდერებში“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.