"კალაშნიკოვი", "გაზპრომი", "როსნეფტი", "ვნეშეკონომბანკი" აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების სიაში მოხვდნენ

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) რუსეთის წინააღმდეგ სექტორული სანქციები დააწესა.

ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ვებგვერდი ავრცელებს.

ახალი სანქციების სიაში მოხვდნენ რუსი ჩინოვნიკები, კომპანიები, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების წარმომადგენლები. სანქციები შეეხოთ რუსულ კომპანიებს – "როსნეფტს", კონცერნ "კალაშნიკოვს", "გაზპრომს", "ვნეშეკონომბანკს" და სხვა რამდენიმე კომპანიას.

აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების სიაში მოხვდნენ რუსეთის სახელმწიფო დუმის ვიცე-სპიკერი სერგეი ნევეროვი, ყირიმის საქმეთა მინისტრი ოლეგ საველევი, დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ბოროდაი და სხვა რუსი მაღალჩინოსნები.

ამასთან, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ დაწესებულ სანქციებს მხარი დაუჭირა ქვეყნის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამაც. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსეთი არაფერს აკეთებს აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის დეესკალაციისთვის.

"ჩვენ ხაზს ვუსვამთ ჩვენს სურვილს, გადავჭრათ ეს საკითხი დიპლომატიური მეთოდებით, თუმცა ამისთვის კონკრეტული ნაბიჯები უნდა ვიხილოთ და არა – მხოლოდ სიტყვები მოვისმინოთ", - აღნიშნა ბარაკ ობამამ.