„ბიძინა ივანიშვილმა „თიბისის“ აქციონერები მძევლად აიყვანა, გადადგომით მამუკა ხაზარაძემ მძევლების რიგები დატოვა"

ბიძინა ივანიშვილმა „თიბისის“ აქციონერები მძევლად აიყვანა. თავისი გადადგომით მამუკა ხაზარაძემ დატოვა მძევლების რიგები, - ამის შესახებ საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე ფადი ასლიმ მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხაზარაძის ეს ქმედება მოსალოდნელი იყო და მამუკა ხაზარაძე ახლა უფრო ძლიერ პოზიციაშია, ვინაიდან მას „თიბისი ბანკში“ აღარაფერი აქვს დასაკარგი.

„ჩვენს პრესკონფერენციაზე განვაცხადეთ, რომ ბიძინა ივანიშვილის გეგმაა „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელობის შეცვლა თავისი ხალხით და ბანკის საკუთარი მიზნებისათვის გამოყენება. მიუხედავად ამისა, არ ვფიქრობ, რომ ეს მოხდება, რამდენადაც ამ საკითხის ირგვლივ საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზება ხდება,“ - განაცხადა ფადი ასლიმ.

ამასთან, ფადი ასლის თქმით, ბიძინა ივანიშვილი შეეცდება ნებისმიერი დაინტერესებული მხარე შეაჩეროს ანაკლიის პორტში ინვესტიციის ჩადებისგან. ივანიშვილის მიზანია ხაზარაძის ჩამოშორება და კონტროლის მოპოვება ამ პორტზე.

შეგახსენებთ, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს. როგორც მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, დღეს ლონდონში ბანკის სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ეროვნულ ბანკთან სამართლებრივი დავის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მხოლოდ და მხოლოდ ბანკის, მისი აქციონერების და დეპოზიტარების ინტერესებიდან გამომდინარე.

„მივიღე გადაწყვეტილება წავიდე ბანკიდან, სადაც ჩემი ცხოვრების 27 წელი გავატარე, ბანკიდან, რომელიც 500 დოლარიდან რეგიონის უმსხვილეს მოთამაშედ ვაქციე ჩემს გუნდთან ერთად.

იმედია, ეს გადაწყვეტილება დადებითად იმოქმედებს ბანკის მომავალ სტაბილურ და მშვიდ გარემოში განვითარებაზე, მე კი მთელ ჩემს ენერგიას ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს - ანაკლიის პროექტის განხორციელებას მივუძღვნი. იმედია, დამცალდება საქმის ბოლომდე მიყვანა“, - ნათქვამია ხაზარაძის განცხადებაში.