"ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო" "თიბისი ბანკის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
როგორც ტექსტშია აღნიშნული, კანონის უზენაესობიდან გამომდინარე, ყველა ქმედება და პროცესი ზედმიწევნით კორექტული და გამჭირვალე უნდა იყოს. ამასთან, "ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო" პროკურატურასთან შეთანხმებით, გამოთქვამს მზადყოფნას, როგორც წამყვანი ევროპული ბიზნეს-საბჭო ჩაერთოს პროცესში და აღნიშნულ საკითხზე შეიქმნას ბიზნესის წარმომადგენლების მონიტორინგის 8 კაციანი კომისია.
"ბიზნესპრესნიუსი" "ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს"განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ჩვენი ქვეყანა რთულად, მაგრამ მაინც ვითარდება. უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში საქართველოში არსებული ქართული ბიზნეს კომპანიების მცირე ნაწილის ძალისხმევამ მკაფიოდ დაგვანახა, რომ ახლო მომავალში საქართველო შესაძლებელია გახდეს თანამედროვე ევროპული სტანდარტების ქვეყანა. ყოველივე ამას სჭირდება მთავრობის მხრიდან მუდმივი მხარდაჭერა და რეფორმები. ეს ძალიან რთული პროცესია, მაგრამ ჩვენ ყველამ ერთად, ერთობლივი ძალისხმევით უნდა მივაღწიოთ, რომ საქართველო რეგიონში ერთ-ერთ წამყვან ქვეყანად იქცეს.
ერთ-ერთი ასეთი წარმატებული კომპანია გახლავთ „თიბისი“ ბანკი. განვითარებად ქვეყნებში ბანკების მიერ პოპულარობის მოპოვება ყოველთვის რთულია, მაგრამ მიუხედავად ამისა, „თიბისი“-მ, როგორც საბანკო ინსტიტუტმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბანკის აქციების განთავსებაც დასტურია, იმისა, რომ ჩვენს ქვეყანას გააჩნია ძლიერი საფინანსო ინსტიტუტი.
„თიბისი“ ბანკის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით ამჟამად შექმნილ რთულ ვითარებასთან დაკავშირებით ვთვლით, რომ საკითხი უნდა იქნას გამჭირვალედ შესწავლილ-გამოძიებული. პროკურატურის მიერ უნდა მოხდეს აღნიშნულ საქმეში კვალიფიციური კადრების ჩართვა, რათა არ იქნას დაშვებული რაიმე კაზუსი, რაც საქმეს მნიშვნელოვნად დააზარალებს. ეს ეხება არა მარტო ბანკის ხელმძღვანელობას, არამედ „თიბისი“-ს როგორც ერთ-ერთ წამყვან საფინანსო დაწესებულებას, რომლის იმიჯის შელახვა მნიშვნელოვნად იმოქმედებს საზოგადოების განწყობაზე, ასევე ქვეყნის იმიჯზე და ბიზნეს გარემოზე.
მიგვაჩნია, რომ კანონის უზენაესობიდან გამომდინარე, ყველა ქმედება და პროცესი უნდა იყოს ზედმიწევნით კორექტული და გამჭირვალე. ასევე, საქმის გამოძიების დროში გაჭიანურება დააზიანებს არა მარტო ხელისუფლების და ბანკის, არამედ ქვეყნის საერთო ინტერესებს.
როგორც „თიბისი“ ბანკის განცხადებაშია აღნიშნული, პროცესში ასევე ჩართულია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იურიდიული კომპანია „დენტონსი“.
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო იმოქმედებს წევრი კომპანიის სამართლიანი ინტერესებიდან გამომდინარე და საჭიროების შემთხვევაში, პროკურატურასთან შეთანხმებით, გამოთქვამს მზადყოფნას, როგორც წამყვანი ევროპული ბიზნეს-საბჭო ჩაერთოს პროცესში და აღნიშნულ საკითხზე შეიქმნას ბიზნესის წარმომადგენლების მონიტორინგის 8 კაციანი კომისია (ინევესტორთა საბჭოს წევრი ასოციაციები, ბიზნესომბუდსმენი, ეროვნული ბანკის და პროკურატურის წარმომადგენელები).
ვიმედოვნებთ, რომ საკითხი დროულად იქნება გამოძიებული და მთელი ეს პროცესი ჩვენი საზოგადოებისთვის და ბიზნეს წრეებისთვის იქნება გამჭირვალე",- ნათქვამია განცხადებაში.