”ვისოლმა” საქართველოში ”ეკოს” შემოტანაზე ექსკლუზიური უფლება მოიპოვა

ექსკლუზიური ლიცენზიის ხელშეკრულების ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია დღეს გაიმართა, რომელსაც ”ეკოს” კომერციული დირექტორი ვასილის პანაგოპოულოსი დაესწრო.

ვისოლჯგუფის პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის განცხადებით, ”ეკო” ქართულ ბაზარზე ყველაზე მაღალი ხარისხის საწვავია. ”ვისოლი ძალიან მოხარულია, რომ ჩვენ ექსკლუზიურად შეგვეძლება ეკოს სავაჭრო ნიშნების, ლოგოტიპის გამოყენება. ”ეკოსთან” 15 წელია გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას რამდენიმე წელია ქსელი აღარ აქვს საქართველოში, დღეს ის სამჯერ უფრო ძლიერად იქნება წარმოდგენილი ”ვისოლის” მეშვეობით. რაც შეეხება ფასს, ის არ გაიზრდება და იგივე დარჩება", - აცხადებს ფხაკაძე.

დღეისათვის ”ვისოლის” ქსელში ეკოს 5 პროდუქტის რეალიზაცია ხდება. "ეკო სუპერის", "ეკო პრემიუმის" და "ეკო დიზელის" საქართველოს ბაზარზე დაბრუნება ვისოლმა 2014 წლის თებერვალში შეძლო, ხოლო 2014 წლის აპრილიდან უკვე "ეკო რეგულარი" და "ეკო სუპერ 100"-ის იმპორტიც დაიწყო.

ნავთობპროდუქტების ექსპერტი დალი ოქრუაშვილი ამბობს, რომ ”ეკო” მაღალი ხარისხის საწვავია და მისი ხარისხი წვის ეკონომიურობას განსაზღვრავს.

"ეკოს ბენზინის საწვავისთვის დამახასიათებელია მაღალი ოქტანური რიცხვი, რაც განაპირობებს პროდუქტის წვას დეტონაციის გარეშე. წვის კამერასთან და ძრავის სხვა ნაწილებზე არ ხდება ნაწვავების ჭარბი რაოდენობის გამოყოფა მათში ეთერების შემცველობის გამო, ეს კი ავტომობილის ძრავის ექსპლოატაციის პერიოდს ზრდის. პროდუქტის ქიმიური შემადგენლობიდან გამომდინარე გაცილებით დაბალია ნაცრის და კოქსის შემცველობა, რაც აგრეთვე ძრავის დაცვის უმნიშვნელოვანესი პირობაა. ეკოს პროდუქტები არ შეიცავს გოგირდს, ტყვიას, აქედან გამომდინარე, გარემოს ეკოლოგიური დაბინძურების საფრთხე მინიმუმამდეა დაყვანილი",-ამბობს ოქრუაშვილი.

"ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია" საქართველოში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელს ფლობს. ვისოლჯგუფში ასევე შედის შემდეგი კომპანიები: სუპერმარკეტების ქსელი ”სმარტი”, ამერიკული რესტორნების ქსელი ”ვენდი”, ავტომომსახურების ცენტრი "ვიანორი", სარეკლამო კომპანია "ალმა" და უძრავი ქონების კომპანია "ველაჯიო".

ნათია ლეშკაშელი