„ენგურჰესი“ 2019 წელს აღარ გაჩერდება.
ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ენგურჰესის“ დირექტორმა ლევან მებონიამ განუცხადა.
მისივე თქმით, მართალია, ენგურჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა ის სამუშაოები, რაც ჰესის გაჩერებას გამოიწვევს, გადავადდა და სავარაუდოდ 2020-2021 წლებში განხორციელდება. შესაბამისად, ენგურჰესის გაჩერებაც 3-4 თვით სწორედ მომავალ წლებშია მოსალოდნელი.
„გაჩერება არ მოხდება წელს, სხვა სამუშაოები შესრულდება, თუმცა გაჩერებას რაც მოითხოვს - გვირაბის სარემონტო სამუშაოები, სავარაუდოდ, 2020-2021 წლებში განხორციელდება. მომზადების პროცესში ვართ, თუმცა 2021 წელს ნამდვილად არ გადასცდება. 28 მილიონი ევრო გამოიყო ამ სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, თუმცა ზუსტი ბიუჯეტი სატენდერო პროცედურების დასრულების შემდეგ გვეცოდინება. ეს პროცედურები სავარაუდოდ, აპრილის შუა რიცხვებში დასრულდება,“ - აღნიშნა მებონიამ.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ მოხდება „ენგურჰესის“ გაჩერების პერიოდში, მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ანაზღაურება, მებონია აღნიშნავს, რომ სირთულე არის აფხაზეთის მომარაგების ნაწილში. თუმცა, მისი თქმით, აფხაზური მხარე გაფრთხილებულია და სავარაუდოდ, რუსეთიდან მოხდება მათი ელექტროენერგიის შემოტანა. დანარჩენ მოსახლეობას რაც შეეხება, როგორც მებონია აცხადებს, არის თბოელექტროსადგურები, სხვა ჰიდროელექტროსადგურები და იმედოვნებს, რომ შიდა რესურსები საკმარისი იქნება.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის გაზაფხულზე გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ენგურჰესის გაჩერება იგეგმებოდა.
ცნობისთვის, გასულ თვეში შპს „ენგურჰესმა“ - 216.870 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა; „ვარდნილჰესმა“ კი - 48.186 მლნ კვტ/სთ. მათ მიერ ჯამში, 265.056 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიის გამომუშავება მოხდა. აფხაზეთისთვის მიწოდებულმა ელექტროენერგიამ კი საანგარიშო პერიოდში 254.333 მლნ კვტ/სთ შეადგინა.
როგორც ცნობილია, საქართველო ოკუპირებულ აფხაზეთს დენს უფასოდ აწვდის. გაზრდილი მოხმარების ხარჯზე კი ზამთარში „ენგურჰესისა“ დ „ვარდნილჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია თითქმის მთლიანად აფხაზეთს ხმარდება. ამის გამო ბოლო რამდენიმე წელია ამ პერიოდში აფხაზეთს ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება. შეზღუდვა წელსაც დაწესდა და 20 თებერვლიდან ყოველდღიურად, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე პერიოდში აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდება.