თბილისში საფეხმავლო ხიდების დემონტაჟზე ტენდერი გამოცხადდა

თბილისის მასშტაბით არსებული საფეხმავლო ხიდების სადემონტაჟო სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადდა.

სატენდერო პირობების თანახმად, 9 მარტს დაიწყება და 14 მარტს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 384 757 ლარია.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, მიმწოდებელი ვალდებულია თითოეულ მისამართზე სამუშაოები დაიწყოს წერილობითი დავალებით განსაზღვრულ ვადაში. ამასთან, სამუშაოების მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიერ წერილობითი დავალების შემთხვევაში სამუშაოებს აწარმოებდეს ერთდროულად არანაკლებ ორ მისამართზე.

„მიმწოდებელმა სადემონტაჟო სამუშაოები უნდა განახორციელოს ისეთი ტექნოლოგიით, რომ საჭიროებისამებრ, შემსყიდველის მოთხოვნის საფუძველზე, შესაძლებელი იყოს დემონტირებული კონსტრუქციის სამომავლოდ მეორადად გამოყენება. მიმწოდებელი ვალდებულია: დემონტირებული კონსტრუქციის დასაწყობება უზრუნველყოს დამკვეთის მიერ მითითებულ სპეციალურ ადგილზე; სამუშაოების შესრულებისას წარმოქმნილი ნარჩენები კი განათავსოს მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად საამისოდ გამოყოფილ ადგილზე, თბილისის ტერიტორიაზე განთავსების შემთხვევაში - გლდანის რაიონი, თბილისის შემოვლითი საავტომობილო გზის მე-15 კმ,“ - აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

რაც შეეხება სამუშაოების მიწოდების ვადას, დოკუმენტაციის თანახმად, მიწოდება ეტაპობრივად, წერილობითი დავალების შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით უნდა მოხდეს.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქში ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟის შესახებ თბილისის მერმა მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს განაცხადა. მერიის ცნობით, საფეხმავლო ხიდების ნაცვლად, ქვეითთა ერთდონიანი გადასასვლელების მოწყობა იგეგმება. მათივე ცნობით, მიმდინარე წელს თბილისში 19 საფეხმავლო ხიდის დემონტაჟი მოხდება.

თაია არდოტელი