საქართველოში მოქმედ ავტოსადგურებს სერტიფიცირების გავლა მოუწევთ. ამის შესახებ პარლამენტში წარდგენილ სამთავრობო გეგმაშია აღნიშნული.
საუბარია, 2019 წლის საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაზე. კერძოდ, დოკუმენტის მიხედვით, კანონპროექტი ითვალისწინებს, ავტოსადგურის სერტიფიცირებას და მასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. ამასთან, პროექტით ხდება ავტოსადგურების დიფერენცირება 3 კლასად.
„დღეს, არსებული სრული ლიბერალიზაციის პირობებში, მოხდა საავტომობილო სამგზავრო გადაყვანების სფეროს მთავარი შემადგენელი ნაწილის - სამარშრუტო ქსელის მითვისება ავტოსადგურების მესაკუთრეებისა და სხვა პირების მიერ, რომელთა თანხმობის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია ქვეყნის შიგნით რეგულარულ მარშრუტებზე საქმიანობის განხორციელება. ასეთივე უწესრიგობას ვაწყდებით სადგურების გვერდის ავლით მგზავრთა კომერციული გადაყვანების განხორციელებისას. სისტემატური ხასიათი მიიღო მგზავრთა გადაყვანამ მასობრივი თავშეყრის ადგილებიდან, ნაცვლად ავტოსადგურებისა, რის გამოც მკვეთრად გაიზარდა ავტობუსების ქაოსური მოძრაობის ინტენსივობა, იქმნება საცობები, საგრძნობლად გაუარესდა ეკოლოგიური მდგომარეობა. ხშირ შემთხვევებში გადაზიდვების პროცესი ხორციელდება არალეგალიზებული (სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გარეშე მომუშავე) გადამზიდველების მიერ მოძრაობის განრიგების გარეშე, მოძრაობის, გარემოს დაცვისა და მძღოლთა შრომისა და დასვენების ნორმების უგულებელყოფით,“-აღნიშნულია დოკუმენტში.
ამასთან, გეგმის თანახმად, ცვლილების მიზანია, საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის (საერთაშორისო /ქვეყნის შიდა) სფეროში და სამგზავრო ავტოსადგურებში არსებული მდგომარეობის მოწესრიგებისათვის ოპტიმალური და მოქნილი საკანონმდებლო ბაზის შექმნა.