"მანჩესტერ იუნაიტედის" ფასი დღეისთვის 2.1 მილიარდ ფუნტს შეადგენს

მანჩესტერული გრანდი ძვირადღირებული საფეხბურთო კლუბების რეიტინგში პირველია

"დეილი მეილის" ცნობით, მას შემდეგ, რაც "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ადიდასთან" რეკორდული სპონსორული კონტრაქტი გააფორმა (750 მლნ ფუნტი, 950 მილიონი ევროებში, 10 წლის განმავლობაში), კლუბის აქციათა ფასი ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე მთელი 5%-ით გაიზარდა.

მანჩესტერულ გრანდს ამან ძვირად ღირებული საფეხბურთო კლუბების რეიტინგში პირველობა დაუბრუნა. როგორც სპეციალისტები წინასწარმეტყველებენ, "იუნაიტედის" ღირებულებაზე უახლოეს დღეებში დადებითად აისახება ისიც, რომ გუნდის საწვრთნელ პროცესს პირადად ლუი ვან გაალი გააკონტროლებს.

ზრდაა მოსალოდნელი უმაღლესი კლასის ფეხბურთელების გადაბირების შემთხვევაშიც. დღეისთვის კლუბის ფასი 2.1 მილიარდი ფუნტია (2.66 მლრ ევრო).

"დეილი მეილის" მონაცემებით, "მანჩესტერ იუნაიტედი" პირველ ადგილზეა როგორც სატიტულო სპონსორთან გაფორმებული კონტრაქტით, ისევე სპორტული ეკიპირების მწარმოებელთან დადებული ხელშეკრულებით. ორივე პუნქტში ის უახლოეს კონკურენტს, მინიმუმ, ორჯერ უსწრებს.

სატიტულო სპონსორები: 1. მანჩესტერ იუნაიტედი (შევროლე) - 53 მლნ ფუნტი, 2. ბარსელონა (კატარ ეარვეიზი) - 26 მლნ, 3. ბაიერნი (დოიჩე ტელეკომი) - 23 მლნ, 4. რეალი (ემირეიტსი) - 23 მლნ, 5. ლივერპული (სტანდარტ ჩარტერდი) - 18 მლნ, 6. სანდერლენდი (ინვესტ ინ აფრიკა) - 18 მლნ.

სპორტული ეკიპირების სპონსორები: 1. მანჩესტერ იუნაიტედი (ადიდასი) - 75 მლნ ფუნტი (2015/16 წლების სეზონიდან), 2. არსენალი (პუმა) - 30 მლნ, 3. რეალი (ადიდასი) - 24 მლნ, 4. ლივერპული (ვორიორი) - 23 მლნ, 5. ბარსელონა (ნაიკი) - 22 მლნ, 6. ბაიერნი (ადიდასი) - 22 მლნ.

წყარო: გაზეთი ”ლელო”