პარლამენტმა ახალი საპენსიო სისტემის თაობაზე ალტერნატიულ საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით მხარი არ დაუჭირა.
კენჭისყრის შედეგად წარდგენილ კანონპროექტს მხარი დაუჭირა 42-მა დეპუტატმა, ხოლო წინააღმდეგ წავიდა 10 დეპუტატი.
ცვლილებების პროექტი დეპუტატებს ფრაქცია "ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა წარუდგინა.
საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც პარლამენტს სწორედ ფრაქცია “ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატებმა“ შესთავაზა, სავალდებულო შენატანებზე დაფუძნებულ, თაობათა შორის სოლიდარობის სქემის ამოქმედებას გულისხმობდა.
პროექტის თანახმად, საპენსიო შენატანები შემდეგნაირად გადანაწილდებოდა: დამსაქმებელი ხელფასის გაცემისას სქემის მონაწილე თითოეულ დასაქმებულზე, საპენსიო ფონდში დაუბეგრავი ხელფასის ორ პროცენტს რიცხავს, რასაც სახელმწიფოს ასევე 2%-იანი შენატანი ემატება. თაობათა შორის სოლიდარობის პრინციპით (არსებული დასაქმებულები აფინანსებენ ხანდაზმულთა პენსიებს) სოლიდარობის სქემიდან პენსიების გაცემა მოხდება სქემაში ჩართვიდან მომდევნო წელს გასულ პენსიონერებზე, რომლებიც ერთი წელი მაინც იხდიდნენ თაობათა სოლიდარობის სქემაში საპენსიო შენატანს.
პროექტის ინიციატორის განმარტებით, საპენსიო ფონდში თანხების შეტანის პრინციპი არ იცვლება და იგი 2+2+2 რჩება, საიდანაც 4% სოლიდარობის ანგარიშზე, 2% კი ინდივიდუალურ დაგროვების ანგარიშზე ჩაირიცხება.
„საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხების ინვესტირება კი სხვადასხვა მიმართულებებით გადანაწილდება, მათ შორის ენერგეტიკულ პროექტებს და მუნიციპალური საავადმყოფოების მშენებლობას მოხმარდება. მისივე ინფორმაციით, წარმოდგენილი დაგროვებითი საპენსიო მოდელის მიხედვით, საპენსიო სარგებელს პენსიონრები არა 20-25 წლის შემდეგ, არამედ უკვე მომავალი წლიდან შეძლებენ და იგი ეფუძნება შემდეგ მექანიზმს - დღევანდელი დასაქმებულები აფინანსებენ არსებულ პენსიონრებს, ხოლო დღევანდელ დასაქმებულებს პენსიაზე გასვლის შემდეგ იმ დროს დასაქმებულები დააფინანსებენ“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.