იმის მიუხედავად, რომ OPEC-ი ბაზარზე დღიური მიწოდების მოცულობას ამცირებს და აშშ-ჩინეთს შორის მოლაპარაკება, ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, ნავთობის ფასი მაინც უმნიშვნელოდ იზრდება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ შეერთებულ შტატებში ნედლი ნავთობის მოპოვება მატულობს.
ბრენტის მარკის ბარელი ნავთობის ფასი 67.18 დოლარამდე გაიზარდა, რაც ოდნავ ნაკლებია ამ კვირის დასაწყისში დაფიქსირებულ წლის მაქსიმუმზე (67.38 დოლარი). დასავლეთ ტექსასური საშუალოს ფასმა კი 57.15 დოლარს მიაღწია, რაც ასევე წლის მაქსიმუმზე (57.55 დოლარი) ნაკლებია.
შეერთებულ შტატებში დღიური მოპოვების მოცულობა 12 მილიონ ბარელამდე გაიზარდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. მოპოვების ზრდის პარალელურად, ამერიკიდან ექსპორტიც იზრდება.
ბაზრის მოთამაშეები ამბობენ, რომ ფასის ზრდას აშშ-სა და ჩინეთს შორის მოლაპარაკებასთან დაკავშირებული ოპტიმიზმი განაპირობებს. მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის სავაჭრო დაძაბულობა გლობალურ ეკონომიკას აზარალებს, რაც ნავთობზე მოთხოვნის კლებაში აისახება. მაგრამ თუ ისინი შეთანხმებას შეძლებენ და დაძაბულობაც განეიტრალდება, მსოფლიო ეკონომიკაც ზრდის სტიმულს მიიღებს და ნავთობზე მოთხოვნაც მოიმატებს, რაც მის ფასს გაზრდის.
„გოლდმენ საქსი“ ვარაუდობს, რომ წელს მსოფლიო ბაზარზე ნავთობის საშუალო დღიური მიწოდება 31.1 მილიონი ბარელის ფარგლებში იქნება. მისივე უწინდელი შეფასებით, საშუალო მიწოდება 31.9 მილიონი ბარელი უნდა ყოფილიყო. კლებას OPEC-ის (ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია) მიერ დღიური მიწოდების შეზღუდვა უზრუნველყოფს.
მაგრამ OPEC-ის მცდელობას ნაწილობრივ ამერიკაში მოპოვების რეკორდული მაჩვენებლები აბათილებს. EIA-ს (ენერგიის ინფორმაციის ადმინისტრაცია) მონაცემებით, ამერიკაში დღიური მოპოვების მოცულობა 12 მილიონ ბარელს მისწვდა. ცნობისათვის, 2018 წლის დასაწყისში, ამერიკაში დღიური მოპოვება 2.5 მილიონი ბარელით ნაკლები იყო. უფრო მეტიც, 2013 წელს ქვეყანაში 5 მილიონი ბარელით ნაკლებს მოიპოვებდნენ. ასევე იზრდება ამერიკაში არსებული ნავთობის მარაგები.