”ქართული პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლდება”

ქართული წარმოების პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტისას, საბაჟო გადასახადისგან 1 სექტემბრიდან გათავისუფლდება.

ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.

"ხვალინდელი რატიფიცირების შემდეგ წინასწარ შედის ძალაში ასოცირების შეთანხმების სავაჭრო ნაწილი. ეს იქნება 1 სექტემბერს და შესაბამისად, საბაჟო გადასახადები მაშინვე გაუქმდება. შესყიდვებში მონაწილეობას რაც შეეხება, ჩვენ საქონელსა და მომსახურებას არა აქვს დაშვება ევროკავშირის ქვეყნებში სახელმწიფო შესყიდვებში. ამ შეთანხმებით განსაზღვრულია საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოების საგზაო რუკა, რომელიც დაახლოებით 8 წელზეა გათვლილი შეთანხმების ძალაში შესვლიდან და გულისხმობს ბაზარზე ეტაპობრივ დაშვებას. მას შემდეგ, რაც გავატარებთ რეფორმებს, ეტაპობრივად მოხდება ბაზრის ლიბერალიზაცია. რაც შეეხება ევროპულ ფულზე წვდომას, ამ შეთანხმების მომსახურების ნაწილი გულისხმობს კაპიტალის თავისუფალ გადაადგილებას, შესაბამისად, ისევე როგორც დღეს, მომავალშიც ქართულ კომპანიებს ექნებათ საშუალება ისარგებლონ ევროპული ფულით და ჰქონდეთ წვდომა ევროპულ რესურსზე", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.