დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში დგომა-გაჩერებისა და პარკირების წესების დაცვის მიზნით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება.პარლამენტს ბიუროს უახლოეს სხდომაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები წარედგინება, რომლის მიხედვით, სამართალდარღვევად განისაზღვრება და დგინდება ჯარიმები შემდეგი შემთხვევებისათვის:
- ნებართვის მქონე ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების პარკირება - ჯარიმა 50 ლარი;
- სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილ მოძრაობის სპეციალურ ზოლში (BUS LANE) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა – ჯარიმა 100 ლარი;
- წინასწარი შეცნობით სატრანსპორტო საშუალების გზაზე გაჩერება ან დგომა სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშანი და ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრის ან „TEST“ ნომრის გარეშე- ჯარიმა 100 ლარი;
- ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების პარკირება - ჯარიმა 50 ლარი.
- დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების ადგილზე პარკირებული სატრანსპორტო საშუალების გამოყენება სამეწარმეო საქმიანობის მიზნით – ჯარიმა 200 ლარი. განმეორებით შემთხვევაზე 400 ლარი.
ამასთან, სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან არა უგვიანეს 1 საათისა, შეწყვიტოს აღნიშნული საქმიანობა.
- დედაქალაქის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომობილის ან/და მისაბმელის დგომა სხვა კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისთვის განკუთვნილ პარკირების ადგილებზე - ჯარიმა 500 ლარი.
კანონპროექტი უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფის მიერ არის ინიცირებული.