ნოდარ ხადური მრჩეველთა საბჭოს წევრებს ხვდება

ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური მრჩეველთა საბჭოს წევრებს ხვდება. მინისტრი მათ იანვარ-მაისში ეკონომიკური ზრდის დადებით ტენდენციებს, მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს და საგადასახადო შემოსავლების კუთხით ექვს თვეში არსებულ დინამიკას აცნობს.

ნოდარ ხადურის განცხადებით, ექსპერტებს ექვსი თვის მაჩვენებლებს აცნობს, მათ შორის ივნისის მაჩვენებლებსაც.

"მინდა გითხრათ, რომ ივნისში ეკონომიკური ზრდა გაგრძელდა, დღგ-ის გადამხდელთა საწარმოების ბრუნვა იყო 11%-ზე მეტი, რაც ნიშნავს, რომ დაახლოებით 5.5% ივნისში იყო ეკონომიკური ზრდა, ანუ 6 თვის განმავლობაში ისევ 6%-ზეა საუბარი”, - განაცხადა მინისტრმა.

კითხვაზე, რით ახსნის აპრილში ეკონომიკურ ვარდნას, მინისტრმა განმარტა, რომ ვარდნა არ ყოფილა, არამედ იყო შეფერხება. ხადურმა აღნიშნა, რომ ამ საკითხით ექსპერტები დაინტერედნენ და მათ ზუსტი ინფორმაცია მიეწოდათ. ამასთან, ხადურმა აღნიშნა, რომ აპრილში, სოფლის მეურნეობის სექტორში იყო სერიოზული ზრდა, ასევე მშენებლობაში.

როგორც ხადურმა აღნიშნა, დარიალში მომხდარი სტიქიის გამო, იმ პერიოდის განმავლობაში ექსპორტი გაძვირდა და ამის მიზეზი კი იყო ის, რომ გზა იყო ჩაკეტილი და ალტერნატიული, უფრო შორი გზით უწევდათ მოძრაობა გადამზიდავებს. "ცხადია, ამან გააძვირა ექსპორტი, თუმცა დაახლოებით 17%-იანი ზრდა არის ექსპორტში მიმდინარე 6 თვეში", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.