ქართველი მარიკა ნიკლასონი მეუღლესა და შვილებთან ერთად შვედეთის ლაპლანდიის სამხრეთ ნაწილში, ასელეში ცხოვრობს და ქართულ შებოლილ სულგუნს, სახელად "ლაპლანდიურ სულგუნს" (Lapplands Mejeri) აწარმოებს.
ინტერვიუსთვის რომ დავურეკე, შვედ მეუღლესთან ერთად საქმიან ტურნეში იყო - სტოკჰოლმის ყველის ფესტივალსა და ზალცბურგის მონადირეების გამოფენაში მონაწილეობდა. მომახარა, სტოკჰოლმის ფესტივალზე პირველად ვიყავით და პრიზიც ავიღეთო.
ვინ არის მარიკა ნიკლასონი, როგორ აღმოჩნდა ლაპლანდიაში და როგორ მოახერხა ქართული ყველის საწარმოს დაარსება ევროპის უკიდურეს ჩრდილოეთში, მისი საუბრიდან შეიტყობთ.
მარიკა ნიკლასონი: - ჩვენი ყველის მსგავსს აქ ვერსად ნახავთ. სადეგუსტაციოდ რომ ვთავაზობ, ვერც ხვდებიან, რა არის და ზოგიერთი მეკამათება, ეს ყველი არ არის, ან შებოლილი თევზია, ან შებოლილი ხორციო. ვუხსნი, ჩემი გაკეთებულია და მე უკეთ არ ვიცი, ყველია თუ თევზი-მეთქი?
- მაინც როგორ აღმოჩნდით მზიანი საქართველოდან ცივ ლაპლანდიაში?
- საქართველოში დავიბადე, მაგრამ იქ არასდროს მიცხოვრია. ახმეტიდან ვართ, მამუჩარაშვილები, დედა კი ბრეკაშვილი მყავს. 9 თვის ვიყავი, ოჯახი ესტონეთში რომ გადავიდა საცხოვრებლად. ტალინში სამხედრო სამსახურის შემდეგ მამა სამუშაოდაც იქ დარჩა, ამიტომ მე და დედაც თან წაგვიყვანა, ჩემზე სამი წლით უმცროსი ძმა კი ტალინში დაიბადა. გიკვირთ, ქართულად კარგად რომ ვლაპარაკობ? შინ ყოველთვის ქართულად ვლაპარაკობთ. ჩემმა შვილებმაც იციან ქართული, თუმცა მკვეთრი აქცენტით ლაპარაკობენ. ზაფხულობით ტალინიდან ყოველთვის ჩამოვდიოდით საქართველოში, ნათესავებთან, სოფელში სახლიც გვაქვს. მამა ამბობს, პენსიაზე რომ გავალ, საცხოვრებლად იქ უნდა დავბრუნდეო. პირველად ტალინში მცხოვრებ ქართველს გავყევი ცოლად და მასთან ქალ-ვაჟი - კრისტიან-აკაკი და ელზა მეყოლა. უმაღლესი განათლებაც ტალინში მივიღე - ბიზნესის ორგანიზაცია და მენეჯმენტი შევისწავლე. 4 რესტორანი გვქონდა და ბიზნესის ნიჭი აშკარად აღმომაჩნდა. 10 წლის თანაცხოვრების შემდეგ მეუღლეს დავშორდი და რესტორნებიც დავხურეთ, მე კი ტალინში ახალი ბიზნესი წამოვიწყე - ტურები საქართველოში. ვფიქრობდი, საქართველოში ტურისტები ევროპიდან, კერძოდ - შვედეთიდან, ფინეთიდან, ნორვეგიიდან და სხვა ქვეყნებიდან გამეგზავნა. ასე ვიპოვე ინტერნეტში ჩემი მომავალი მეუღლე - სტოკჰოლმელი ემილ ნიკლასონი, რომელმაც ლაპლანდიაში სასტუმროების ბიზნესის სასწავლებელი დაამთავრა სამონადირეო-სათევზაო ტურიზმის მიმართულებით და საცხოვრებლად იქვე დარჩა. მასთან ევროპის ლამის ყველა ქვეყნიდან ჩადიოდნენ მონადირე-მეთევზე მოგზაურები და ვთხოვე, თავისი პარტნიორები საქართველოთიც დაეინტერესებინა. ინტერნეტით მიწერ-მოწერა 2012 წლის იანვარში დავიწყეთ. მეუბნებოდა, ბრმად ვერავის ვენდობი, ამიტომ უნდა შეგხვდე და საქართველოშიც ჩავიდეთო. საუბარში გაირკვა, რომ 1-ლ თებერვალს დაბადების დღე ჰქონდა. მეგონა, დიდ "ფართის" აწყობდა, მაგრამ იუარა - მეგობრები სტოკჰოლმში მყავს, აქ არავისთან ვმეგობრობ, ასე რომ, არ აღვნიშნავო. გამიკვირდა და შემეცოდა, ამიტომ შევთავაზე, სამსახურის შემდეგ სკაიპით ერთად ვიზეიმოთ: შენც დაიდგი კომპიუტერთან ღვინო, მეც მექნება, სადღეგრძელოებიც ვთქვათ და ონლაინ ვიცეკვოთ-მეთქი. შესანიშნავად მოვილხინეთ და... ერთ კვირაში ტალინში ჩამომაკითხა.
- ერთი ნახვით შეგიყვარდათ?
- პირიქით - არ მომეწონა. ვიფიქრე, ეს როგორი ბიზნესმენია, უცნაურად აცვია, თითქოს აქაც ტყე-ღრეში ჰგონია თავი-მეთქი. თურმე, შვედეთში ასეა - შეიძლება მილიონერიც კი ძალიან უბრალოდ ჩაცმული დადიოდეს, მე კი სულ გამოპრანჭული ვიყავი და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მეცვა. ჩემი სტილის გამო არც ემილს მოვწონებივარ. ერთ დღესაც დისკოთეკაზე წავედით და... ცეკვამ დაგვაახლოვა. მერე საქართველოშიც წამოვედით, სადაც ფანტასტიკური ამბები გადაგვხდა. აპრილი იყო, თბილოდა, მე, ჩემმა დეიდაშვილმა და მისმა მეგობარმა ბიჭმა თბილისი მოვატარეთ, მერე ავიღეთ ბოთლი ღვინო, ბოკალები და ერთ-ერთი სახლის ეზოში ჩამოვსხედით. შორიახლოს ჩემი თანასოფლელი ნათესავი ყოფილა, მაგრამ არ გამომლაპარაკებია, სამაგიეროდ, ტალინში ჩემი ძმისთვის დაურეკავს და გადაურევია, მარიკა ვიღაც სანტა კლაუსთან ერთად არისო (ემილი ძალიან ქერაა)! ძმამ გაგიჟებულმა დამირეკა, მანდ გითვალთვალებენ (ჩემი ძმა ქართულად ცუდად ლაპარაკობს) და ვინ იცის, ამ ამბავს სოფლამდე როგორ ჩაიტანენო... ძალიან გავბრაზდი. ემილი ვერაფერს მიხვდა. ვუთხარი, მერე აგიხსნი-მეთქი და სასწრაფოდ დეიდაშვილის მეგობარს გავაყოლე იქვე, რომელიღაც სასტუმროში, თან დავპირდი, მალე მოგაკითხავ-მეთქი. მე დეიდაშვილთან წავედი, ის თანასოფლელიც უნდა მოსულიყო. დეიდაშვილის მეგობარს ემილი მიუყვანია უცნაურ სასტუმროში, სადაც ჯერ გარაჟში შედიოდი, მერე კიბით ადიოდი შენობაში, და გარაჟში დაუტოვებია. ემილს კიბე ვერ დაუნახავს, ჰგონებია, გამიტაცეს და აქ დამამწყვდიესო. სტოკჰოლმში ძმაკაცებისთვისაც დაურეკავს, გამიტაცესო. იმათ ერთი ამბავი აუტეხიათ. საბოლოოდ, ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა...ტალინში დავინიშნეთ, ჩემებსაც გავაცანი და 2012 წელს შვილებთან ერთად ლაპლანდიაში გავემგზავრე. მასაც ჰყავს შვილები - უილმა და ლიამი და ერთმანეთთან ყველას შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. შვილები სასწავლებლებში მოვაწყვე, მე კი იქაურ სკოლაში შვედური ვისწავლე. მერე იქვე, ნახევარ განაკვეთზე სამუშაოდ, ინგლისურის მასწავლებლად ამიყვანეს, მაგრამ გადავწყვიტე, სხვა საქმეც დამეწყო და ქართული ყველის ბიზნესზე შევჩერდით. ჩემმა ქმარმა არჩია, შვედური რძით თვითონ გვეწარმოებინა ყველი და თანაც - ლაპლანდიაში, სადაც, სტოკჰოლმთან შედარებით, ეკოლოგიურად უფრო სუფთა გარემოა.
იხილეთ სრულად გაზეთ კვირის პალიტრის 25 თებერვლის ნომერში
ან გახდით ხელმომწერი და წაიკითხეთ სრულად