2019 წლის 1-ელი იანვრიდან 15 თებერვლის ჩათვლით, თბილისში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის 67 ნებართვა გაიცა, 2018 წელს - 593, ხოლო ყველაზე მეტი - 683 ნებართვა 2017 წელსაა გაცემული, - აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა მიაწოდა.
შესაბამისად, 2017 წლიდან 2019 წლის 15 თებერვლის ჩათვლით თბილისში, მხოლოდ მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის მიზნით, არქიტექტურის სამსახურს 1 343 ნებართვა აქვს გაცემული.
რაც შეეხება თბილისის იმ რაიონებს, სადაც არქიტექტურული სამუშაოების განხორციელებისთვის ნებართვის მისაღებად მერიას ყველაზე ხშირად მიმართავენ, მათ შორის მოწინავე პოზიციებს საბურთალო და ვაკე იკავებს.
უფრო კონკრეტულად, თბილისის მერიამ 2016 წელს ჩაატარა კვლევა, რა დროსაც 2012-2016 წლებში თბილისის ადმინისტრაციული რაიონებიდან როგორც არქიტექტურული, ისე სარეკონსტრუქციო ან სხვა სამუშაოების შესასრულებლად მერიისადმი მიმართვიანობის აქტივობა განისაზღვრა.
სხვადასხვა ტიპის სამუშაოს განსახორციელებლად ნებართვის მისაღებად მიმართვიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 21% საბურთალოს რაიონში დაფიქსირდა; მეორე ადგილს 15%-ით ვაკე იკავებს, მესამე ადგილს კი 10%-10%-ით გლდანი და სამგორი.
ასევე, ნაძალადევსა და ისანში, სხვადასხვა არქიტექტურული სამუშაოსთვის, ფასადის შესაცვლელად, რეკლამის განსათავსებლად ან სხვა ტიპის ღონისძიებების გატარების ნებართვის მისაღებად, თბილისის მერიაში მიმართვიანობის მაჩვენებელი 9%-ს შეადგენს; მთაწმინდის რაიონში - 8%-ს, დიდუბეში - 7%-ს; ჩუღურეთში - 6%-ს; კრწანისში - 5%-ს.
როგორც ცნობილია, თბილისის მერია K2 კოეფიციენტის გაყიდვის აკრძალვას და ამით ქალაქის „ქაოტური განაშენიანების“ შეზღუდვას გეგმავს, თუმცა ეს შეზღუდვა უკვე გაცემულ სამშენებლო ნებართვებზე არ გავრცელდება.
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა და K2 კოეფიციენტთან დაკავშირებული ცვლილებები ერთდროულად დაახლოებით ერთ თვეში დამტკიცდება, იქამდე კი, როგორც თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის ალექსანდრე ტოგონიძე განმარტავს, მშენებლობებზე ნებართვების გაცემა არსებული პრაქტიკით გაგრძელდება.
ცნობისთვის, მიწის ფართობი მრავლდება K2 კოეფიციენტზე და იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რა მოცულობის შენობის აშენების ნებართვა უნდა გაიცეს დეველოპერზე. მაგალითად, თუ მიწის ნაკვეთი 400 კვ.მ-ია, ნორმატიული K2 კი 1.8, საპროექტო K2-ს მივიღებთ : 400*1.8=720 კვ.მ (ესე იგი შენობის სართულების საერთო ფართი არ უნდა აღემატებოდეს 720 კვ.მ-ს.