გერმანიაში საქართველოდან ჩასვლა და სამუშაოს მოძიება ყველა მაღალკვალიფიციურ პირს შეეძლება

გერმანიის მთავრობის მიერ პარლამენტს წარედგინა კანონპროექტი, რომლის თანახმად, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლოს, ყველა მაღალკვალიფიციურ პროფესიონალს გერმანიაში საქართველოდან ჩასვლა და სამუშაოს მოძიება შეეძლება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში გერმანიის საელჩოს ეკონომიკისა და სამართლის განყოფილების უფროსმა, იან ბითნერმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ამჟამადაც, გარკვეული პროფესიის ადამიანებს, სპეციალისტებს, რომელთაც უმაღლესი განათლება აქვთ მიღებული, შეუძლიათ, გერმანიის სამუშაო ბაზარზე დასაქმდნენ და მათი რაოდენობა კანონით შეზღუდული არ არის.

იან ბითნერის ინფორმაციით, გერმანიაში დასაქმება მაგალითად, საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებს, მზარეულებსა და სხვა პროფესიების მქონე წარმომადგენლებს შეუძლიათ, რომლებიც მაღალი კვალიფიკაციის არიან.

„მნიშვნელოვანია აღვნიშნო, რომ ვინც გერმანიაში სამუშაოს მოძიებას მოინდომებს, მას თავისი განათლებისა და კვალიფიკაციის დასაბუთება მოუწევს. მხოლოდ საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებს შეეძლებათ, სამუშაო ფორმალური დიპლომის გარეშე მოიძიონ. ახლა აღნიშნული კანონი ჯერჯერობით მიღებული არ არის, ამიტომ კონკრეტულ პროცედურებზე საუბარი არ შემიძლია. მაგალითად, მზარეულების შემთხვევაში მინდა აღვნიშნო, რომ სამუშაო უფლების მინიჭება ყველას არ ეხება, არამედ ეს არის მათთვის, ვინც ეროვნული კერძების სპეციალისტია და მათზე გერმანიაში უნდა იყოს მოთხოვნა. მათ ასევე გაფორმებული უნდა ჰქონდეთ კონკრეტული შრომითი ხელშეკრულება. აღსანიშნავია, რომ მათთვის აუცილებელია საელჩოდან სამუშაო ვიზის მიღება იმიტომ, რომ უვიზო რეჟიმი მხოლოდ ტურისტებისთვისაა“, - განაცხადა იან ბითნერმა.

გერმანიის საელჩოს წარმომადგენლის განცხადებით, გარდა სამუშაოს მოძიებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებებისა, გერმანიის პარლამენტმა კრიმინალთან ბრძოლისთვის გარკვეული რეგულაციებიც მიიღო.

„გერმანიის სხვადასხვა ფედერალურ მიწაზე ქართველთა კრიმინალური ბანდები ნამდვილად ქმნიდნენ პრობლემებს. რაც შეეხება კონკრეტულ რეგულაციებს, საქართველოსთან მიმართებაში ჩვენ შევამცირეთ თავშესაფრის განხილვის პროცედურის ვადა და უფრო სწრაფად ხდება ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება. ასევე, გავზარდეთ საქართველოს მოქალაქეების რეადმისიის რაოდენობა. 2018 წელს საქართველოში იძულებით 1085 პირი დავაბრუნეთ.

დეპორტაციის შემთხვევაში პირს გერმანიაში მინიმუმ 5 წლის ვადით შესვლა ეკრძალება. ცალკეულ შემთხვევებში კი ეს ვადა 10 წლამდე განისაზღვრება. გარდა იმ 1085 პირისა, რომლებიც გერმანიიდან იძულებით იყვნენ დეპორტირებულები, არიან პირები, რომელთაც განაცხადზე ეთქვათ უარი და მათ გერმანია ნებაყოფლობით დატოვეს“, - განაცხადა იან ბითნერმა.