საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს შესარჩევი კომისია დაკომპლექტდა. ეროვნულმა ბანკმა შესარჩევი კომისიის დამოუკიდებელ წევრად ზურაბ ლალაზაშვილი წარადგინა, რომელიც BDO-ს მმართველი პარტნიორია, -ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საპენსიო სააგენტოში“ განუცხადეს.
ამასთან, კომისიის შემადგენლობაში შედიან ეკონომიკის, ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრები, ასევე პარლამენტის წევრები – ირაკლი კოვზანაძე, აკაკი ზოიძე და რომან გოცირიძე.
საპენსიო სააგენტოს უფროსის, ლევან სურგულაძის განცხადებით, უკვე დღეს საინვესტიციო საბჭოს ვაკანსია გაიგზავნება გამოცემა „ეკონომისტში“ (The Economist).
„დაველოდებით აპლიკაციებს. შესარჩევი კომისია შეარჩევს კანდიდატებს, რომლებსაც საქართველოს პარლამენტი დაამტკიცებს. ეს უახლოეს პერიოდში მოხდება“, – აღნიშნა სურგულაძემ.
მას შემდეგ, რაც ვაკანსიები გამოქვეყნდება, 21 დღის განმავლობაში მოხდება აპლიკაციების მიღება. კომისია შეარჩევს და პარლამენტს წარუდგენს საინვესტიციო საბჭოს ხუთ წევრს, პარლამენტის დამტკიცების შემდეგ კი უკვე დამტკიცდება საინვესტიციო საბჭო, რომელიც საინვესტიციო პოლიტიკას განსაზღვრავს. პარალელურ რეჟიმში დაკომპლექტდება რისკის კომიტეტიც.
ცნობისთვის, ამ დროისთვის საპენსიო სააგენტოში დანაზოგის სახით 60 მლნ ლარზე მეტია აკუმულირებული. დაგროვებით საპენსიო სისტემაში უკვე 41 000-ზე მეტი კომპანიაა ჩართული და 500 000 ათასი დასაქმებულის საპენსიო ანგარიშია გახსნილი.
30 მლნ ლარი ეროვნულ ბანკში გაიხსნილ მიმდინარე ნომინალურ პროცენტიან ანგარიშზეა და რეფინანსირების განაკვეთის ფარგლებში ერიცხება 6.75% სარგებლის სახით.
სააგენტოს ინფორმაციით, საპენსიო დანაზოგის ნაწილი, რომელიც კერძო კომპანიებში დასაქმებულთა დანაზოგს წარმოადგენს, ასევე მიმდინარე პროცენტიან ნომინალურ ანგარიშებზეა განთავსებული კერძო კომერციულ ბანკებში და ერიცხება 5-6%-იანი სარგებელი.