შემცირებული ფილიალები და კადრები - როგორ შეიცვალა მიკროსაფინანსოების ბაზარი ერთი წლის განმავლობაში

საზედამხედველო კაპიტალის ზრდამ, სესხებზე საპროცენტო განაკვეთზე დაწესებულმა ზედა ზღვარმა და კლიენტების გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე კრედიტის გაცემის აკრძალვამ ბაზრიდან რამდენიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის გასვლა გამოიწვია. 2018 წლის განმავლობაში ბაზარზე მისო-ების რაოდენობა შემცირდა, ამ სექტორში დასაქმებული 355 ადამიანი კი სამსახურის გარეშე დარჩა.

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კონსოლიდირებული ანგარიშების მიხედვით, 2018 წლის მეოთხე კვარტალში ბაზარზე სულ 67 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებდა, რაც 12%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2017 წლის მეოთხე კვარტალში ბაზარზე სულ 75 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო.

ამავე მონაცემებით, 2018 წლის მეოთხე კვარტალში საფინანსო ბაზრის ამ სექტორში სულ დასაქმებული იყო 4 387 ადამიანი, რაც 355 ადამიანით, დაახლოებით 7,4%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შარშან მისო-ებში 4 742 ადამიანი მუშაობდა.

მიკროსაფინანსოების კონსოლიდირებული ანგარიშის მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში 11,5%-ით შემცირდა ფილიალების რაოდენობაც. თუ 2017 წლის მეოთხე კვარტალში 75 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია 433 ფილიალით იყო წარმოდგენილი, 2018 წლის მეოთხე კვარტალში ეს მაჩვენებელი 383-მდე შემცირდა.

ამავე პერიოდში შემცირდა მიკროსაფინანსოების მიერ გაცემული მთლიანი სესხების მოცულობაც. ანგარიშგების მიხედვით, მისო-ების მიერ გაცემული იყო 1,208 მლრდ ლარის სესხი, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1,101 მლრდ, ანუ 8,8%-ით ნაკლები.

რაც შეეხება გაცემული სესხების სტრუქტურას, 2018 წლის მეოთხე კვარტლის კონსოლიდირებული მონაცემების მიხედვით, მისო-ების მიერ ჯამში გაცემული 1,101 მლრდ ლარის მოცულობის სესხიდან ყველაზე მეტი - 337,1 მლნ ლარი იყო სამომხმარებლო სესხი. გაცემული სესხების მოცულობით მეორე ადგილზეა სალომბარდე მომსახურება, 2018 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, მიკროსაფინანსოებმა 299,8 მლნ ლარის ლომბარდული სესხი გასცეს. ვაჭრობისა და მომსახურების სფერო კი მიკროსაფინანსოებმა 187,1 მლნ ლარით დააკრედიტეს.

2017 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით კი, გაცემული 1,208 მლრდ ლარის სესხიდან 340,7 მლნ ლარი სამომხმარებლო სესხია; 329,4 მლნ ლარი - სალომბარდე სესხი იყო, 189,2 მლნ ლარი ვაჭრობასა და მომსახურების სექტორზე გაიცა.