გერმანიის მთავრობა ინფრასტრუქტურის სამინისტროს დახმარებას გაუწევს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ელგუჯა ხოკრიშვილი გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის ფედერალური სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდგომ პერიოდში, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის იმპლემენტაციის საკითხში გერმანიის მთავრობა, კერძოდ, გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის ფედერალური სამინისტრო საქართველოს მხარს დაუჭერს და კონსულტაციას გაუწევს როგორც ეკონომიკური, ისე ფინანსური პოლიტიკის კუთხით. მისი მიზანი, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ფონზე, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების ხელშეწყობაა.

"გერმანიის მთავრობა საქართველოს შესთავაზებს ეკონომიკურ და ფინანსურ რჩევებს, რაც ქვეყანას პროგრამების წარმატებით განხორციელებაში დაეხმარება. ეს ღონისძიებები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში განხორციელდება", - აღნიშნა გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის ფედერალური სამინისტროს აღმოსავლეთ პარტნიორობის განყოფილების ხელმძღვანელმა, უტე ლეოპოლდმა.

ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, უწყება უახლოეს პერიოდში შეიმუშავებს და გერმანულ მხარეს წარუდგენს იმ პრიორიტეტებს, რომელი მიმართულებითაც გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის ფედერალური სამინისტროს გამოცდილების გაზიარება ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანია.

"ჩვენთან ერთად, გარკვეული დროის განმავლობაში, იქნებიან გერმანელი ექსპერტები, რომლებიც მნიშვნელოვან დახმარებას გაგვიწევენ კონკრეტული პოლიტიკის განსაზღვრაში", - განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა.

სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის დელეგაცია საქართველოში 18 ივლისამდე დარჩება. ამ პერიოდში ისინი კონსულტაციების შესაძლებლობას საქართველოს მთავრობის სხვა წარმომადგენლებთანაც განიხილავენ.