„საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის BB-დან BB-მდე გაზრდა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი წინსვლაა“, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, რეიტინგის გაუმჯობესება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, მათ შორის, სტაბილურმა მაკროეკონომიკურმა გარემომ, საგარეო შოკებისადმი მდგრადობამ, ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მაღალმა ტემპმა და მიმზიდველმა საინვესტიციო და ბიზნესგარემომ. ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, რომ უცხოელმა ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს საფინანსო სისტემის, მათ შორის, პირველ რიგში, საბანკო სექტორის სტაბილურობა და მდგრადობა და ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო რეზერვების ზრდა.
„Fitch-ის რეიტინგის მიხედვით, რეგიონში მხოლოდ საქართველო დაწინაურდა, რაც დადასტურებაა იმისა, რომ ქვეყანა სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ახორციელებს და ლიდერია რეგიონში. რეიტინგის გაუმჯობესება ნიშნავს ინვესტორების უფრო მეტ დაინტერესებას საქართველოთი, მეტი და გაცილებით იაფი ფინანსური რესურსების შემოდინების შესაძლებლობას, შესაბამისად, ეკონომიკურ ზრდის უფრო მაღალ ტემპს, მეტ დასაქმებასა და შემოსავლებს“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.