“უმნიშვნელოვანესი მოვლენა მოხდა, Fitch-მა გაგვიუმჯობესა საკრედიტო რეიტინგი. სულ ორი ნაბიჯი გვაშორებს საინვესტიციო რეიტინგს და ეს თავისთავად მნიშვნელოვანი ფაქტორია, როდესაც, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობას აფასებენ”, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის მიერ საქართველოსთვის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესების შესახებ გადაწყვეტილების შეფასებისას.
მისი თქმით, ეს არის გასაღები ევროკავშირის ეკონომიკურ ზონაში ინტეგრაციისა. „რეიტინგში წინსვლა პოზიტიურად აისახება ქვეყნის ბიზნესგარემოზე და კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების და ინვესტორების ნდობას, პოზიტიურად აისახება ქვეყნის ბიზნესგარემოზე და პირდაპირ გავლენას იქონიებს ჩვენი ქვეყნის მთავარ გამოწვაზე - სიღარიბის დაძლევაზე”, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
მისი თქმით, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის ანგარიშში ხაზგასმულია ის წარმატება, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების სიმარტივის“ რეიტინგში.
„ეს არის იმ თანმიმდევრული ნაბიჯების შედეგი, რაც ჩვენ ბიზნესისთვის მეგობრული ბიზნესგარემოს შექმნის მიმართულებით გადავდგით; ახალი საგადასახადო რეჟიმი მცირე ბიზნესისთვის, საგადასახადო სანქციების ლიბერალიზაციის კუთხით განხორციელებული ცვლილებები, დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნების სისტემის გამარტივება, მოგების გადასახადის რეფორმა, საგადასახადო და საბაჟო პროცედურების გამარტივება. ყველა ამ მიმართულებით ჩვენ გასულ წლებში საკმაოდ სერიოზული ინიციატივები განვახორციელეთ და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.
მისი განცხადებით, მინიმალური საგადასახადო განაკვეთით საქართველო მსოფლიოში პირველ სამეულშია, რაც აძლიერებს ქვეყნის მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ინვესტორების დაინტერესებას.
შეგახსენებთ, რომ 23 თებერვალს, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი ნიშნულით, „BB-“-დან „BB“-მდე გააუმჯობესა და პერსპექტივა სტაბილურად შეაფასა.
ივანე მაჭავარიანის კომენტარს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.