"ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანების" ორგანიზებით ბიზნესფორუმი გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, "ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანების" ორგანიზებით, დღეს ბიზნესფორუმი გაიმართა.

ფორუმს სტუდენტები და ქართული ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

"ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანების" თავმჯდომარის, ნინო შარაშიძის განცხადებით, ფორუმი ემსახურება ბიზნესმენების ცნობიერების ამაღლებას ახალგაზრდულ საკითხებზე, ახალგაზრდულ პროექტებზე და ინვესტირებაზე.

"დღევანდელი ფორუმის მიზანია, ბიზნესმენებს გავაცნოთ ახალგაზრდობის პრობლემები, ჩვენი ორგანიზაციის შესაძლებლობები და დავანახოთ მათ გონიერი ინვესტიციების გზები. გვაქვს სხვადასხვა პროექტები, მაგალითად, ერთ-ერთი პროექტია, უცხოეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტების ერთიანი ბაზის შექმნა, რაც კომპანიებს კადრების შერჩევას და უცხოეთში სწავლადამთავრებული სტუდენტების მოზიდვას გაუადვილებს", - განაცხადა შარაშიძემ.