დედაქალაქში ეტაპობრივად ხდება მუნიციპალური ტრანსპორტის ახლით ჩანაცვლება, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ავტობუსები მოიხმარს დიზელის საწვავს, რომლის ხარისხიც საქართველოში არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტს, - ამის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც სუფთა ჰაერზე უფლების მნიშვნელობას, მისი სრულფასოვნად რეალიზების კუთხით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს ასახავს.
სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, მუნიციპალური ტრანსპორტი ტექნიკური გამართულობის მიუხედავად, დაბინძურების საფრთხეს ქმნის.
სახალხო დამცველმა საწვავის ხარისხის მონიტორინგიც ჩაატარა.
„2016 წელს სინჯები აღებული და შეფასებული იქნა მხოლოდ 9 ავტოგასამართი სადგურიდან, ხოლო 2017 წელს - 18 სადგურიდან, რაც ძალიან მცირე რიცხვია. მართალია, 2018 წელს შემოწმდა 143 ავტოგასამართი სადგური, თუმცა მათგან 136 ობიექტიდან აღებული იქნა მხოლოდ ბენზინის სინჯები და მასში მხოლოდ ტყვიის შემცველობა განისაზღვრა. ამდენად, არც გასულ წელს ჩატარებული მონიტორინგი შეიძლება იქნას მიჩნეული ეფექტური ზედამხედველობის ფორმად“, - ნათქვამია ანგარიშში.