ეროვნულ ბანკს ყირგიზეთის ცენტრალური ბანკის დელეგაცია ეწვია

საქართველოს ეროვნულ ბანკს ყირგიზეთის ცენტრალური ბანკის დელეგაცია ეწვია.

ეროვნულ ბანკს ყირგიზეთის ცენტრალური ბანკის დელეგაცია საერთაშორისო რეზერვების მართვის სფეროში გატარებული რეფორმების გაცნობისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, 16 ივლისს ეწვია და ვიზიტი 18 ივლისამდე გასტანს. ბანკში აცხადებენ, რომ რეზერვების მართვის თანამედროვე სისტემების დანერგვამდე ყირგიზეთის ცენტრალურმა ბანკმა არჩევანი საქართველოს ეროვნული ბანკის წარმატებულ რეფორმაზე შეაჩერა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ყირგიზეთის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებს დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე შეხვდა და საქართველოს ეროვნულ ბანკში გატარებული ბოლო დროინდელი რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე განსაკუთრებული დრო საერთაშორისო რეზერვების მართვის ავტომატიზებულ სისტემას და მის უპირატესობებზე საუბარს დაეთმო.

"საერთაშორისო რეზერვების მართვის თანამედროვე სისტემა, რომლის დანერგვა საქართველოს ეროვნულ ბანკში სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, 2011 წელს დასრულდა. სისტემა უზრუნველყოფს ოპერატიულობას და ეფექტურობას, ამცირებს საოპერაციო რისკებს და ზრდის რეზერვების შემოსავლიანობას. ანალოგიური სისტემა მსოფლიოს 30 ქვეყნის ცენტრალურ ბანკში მუშაობს, მათ შორის: გერმანიის, საფრანგეთის, ჰოლანდიის, იტალიის, ისრაელის, პოლონეთის ცენტრალურ ბანკებში", - აცხადებენ ბანკში.

მათივე განმარტებით, რეფორმების ექსპორტის პროცესში ჩართულები არიან საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრების, საგადახდო სისტემების, ფინანსებისა და ბუღალტრული აღრიცხვის და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტების წარმომადგენლები.

ამასთან, საქართველოს ეროვნულ ბანკს რეფორმების ექსპორტის განხორციელების მიზნით, უკვე ეწვივნენ ტაჯიკეთის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლები. მათთვის სასწავლო პროგრამა საგადახდო სისტემების თემაზე გაიმართა. მანამდე კი, ქვეყნის მთავარ ბანკს სტუმრობდნენ აზიის, აფრიკის, აღმოსავლეთ ევროპის, დსთ-ს არაერთი ქვეყნის ოფიციალური დელეგაციები, რომელთა უმრავლესობა საქართველოში მსოფლიო ბანკის რეკომენდაციით იმყოფებოდა.