ბადრი ჯაფარიძე - „თიბისისთან“ დაკავშირებული განცხადებები ზიანს აყენებს ქვეყანას, მითუმეტეს, რომ მათ უკან არანაირი საფუძველი არ არის

„თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ტრანზაქციებს, რომელზეც არის საუბარი, არანაირი კავშირი არ აქვს და ვერ ექნება ფულის გათეთრებასთან. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომის ჩაშლის შემდეგ განუცხადა.

ბადრი ჯაფარიძემ იმედი გამოთქვა, რომ „თიბისი ბანკის“ გარშემო მიმდინარე პროცესი მალე დასრულდება, რათა ბიზნესმა გააგრძელოს თავისი საქმიანობა ყოველგვარი შეფერხების გარეშე.

„მე შემიძლია გითხრათ ერთი რამ, რასაც მამუკა ხაზარაძემაც გაუსვა ხაზი. ფულის გათეთრების შესახებ საქმის აღძვრის თაობაზე პროკურატურის განცხადებამ მიაყენა დიდი ზიანი არა მხოლოდ კონკრეტულ ინსტიტუტს, არამედ მთელ ქვეყანასაც. იმ ტრანზაქციებს, რომელზეც არის საუბარი, არანაირი კავშირი არ აქვს და ვერ ექნება ფულის გათეთრებასთან, თუმცა, ჩვენ პატივს ვცემთ სახელმწიფო ინსტიტუტებს, ამიტომ შეგვიძლია მხოლოდ გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია, დავეთანხმოთ სახელმწიფო ინსტიტუტის ამა თუ იმ განცხადებას. ჩვენ გვაქვს მოქალაქეობრივი უფლება, არ დავეთანხმოთ, მაგრამ ასეთი ტიპის განცხადებები ზიანს აყენებს ქვეყანას, მითუმეტეს რომ, ამ განცხადების უკან არანაირი საფუძველი არ არის. იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი მალე დასრულდება, რათა ბიზნესმა გააგრძელოს თავისი საქმიანობა ყოველგვარი შეფერხების გარეშე და ჩვენ მიერ დაწყებული ყველა პროექტი გაგრძელდეს შეუფერხებლად. ასეთი ტიპის განცხადებები აფერხებს ინვესტიციების მოზიდვას“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

„კატეგორიულად არ ვეთანხმები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებას, რომ პარლამენტში გამოსვლით „თიბისის“ რაიმე ზიანი მიადგებოდა"
„ჩვენ ვართ ბიზნესმენები და პოლიტიკური აჟიოტაჟისთვის არანაირი ტრიბუნა არ გვჭირდება"
„ორკესტრირებული შეტევის მსხვერპლი ვართ, მაგრამ ჩვენ ღირსებას და სამართალს არ დავთმობთ“