საქართველოში შემოტანილი სამზარეულო ნივთები, განსაკუთრებით პლასტმასის ნაწარმი ჯანმრთელობისთვის საშიშია.
არაერთი საერთაშორისო კვლევით დასტურდება მავნე ზეგავლენა, რასაც პლასტმასის ჭურჭლისა და საკვების შესანახად განკუთვნილი კონტეინერების გამოყენება იწვევს. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, შეიძლება ითქვას, ასეთი ჭიქები, თეფშები, ბოთლები და კონტეინერები ათობით დაავადებას იწვევს.
ასეთი ნივთები, ძირითადად, თურქეთიდან და ჩინეთიდან შემოდის და მოჰყვება ეტიკეტები, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, ისეთ ენაზეა დაწერილი, რომლისგანაც ინფორმაციას ნაწარმის შესახებ, ფაქტობრივად, ვერ ვიღებთ.
სპეციალისტების რეკომენდაციით, ნებისმიერ პლასტმასის ბოთლზე (როგორც ერთჯერად ჭურჭელზე) აუცილებლად უნდა იყოს ნიშანი, რომელიც ადასტურებს, რომ ნაწარმი საკვებისთვისაა განკუთვნილი. თუ ეს ნიშანი ჭურჭელს არ აქვს ან გადახაზულია, მისი გამოყენება საკვების შესანახად არ შეიძლება.
ამერიკელმა მეცნიერებმა უნიკალური კვლევების შედეგები წარმოადგინეს. ისინი ამტკიცებენ, რომ პლასტმასი არა მარტო მავნეა, არამედ რთულად გამოდის ორგანიზმიდან. თავად პოლიმერები ინერტულია და არატოქსიკური. ორგანიზმისათვის მავნეა შუალედური ნივთიერებები და ტექნოლოგიური დანამატები, რომელთაც მიეკუთვნება მაგალითად, გამხსნელები, ამ უკანასკნელის გარეშე კი პლასტმასის დამზადება შეუძლებელია. ამიტომ, ღვინისათვის პლასტმასის ჭურჭლის შერჩევისას სასურველია, იყოთ ფრთხილად და ზუსტად იცოდეთ, შეიძლება თუ არა კონკრეტულ ჭურჭელში ღვინის ჩასხმა.
როგორც საერთაშორისო სიანჟინრო აკადემიის აკადემიკოსი რამაზ გახოკიძე აღნიშნავს, სულ უფრო მეტი ადამიანი იწამლება არა საკვებით, არამედ სწორედ ჭურჭლით, რომლის უმრავლესობა ჯანმრთელობისათვის საშიშია.
„პლასტმასისაგან დამზადებული ჭურჭელი დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან გამოირჩევა სითბოსადმი მდგრადობითა და სიმტკიცით. ის ძლიერი დარტყმებითაც კი არ იმსხვრევა. ასეთი ჭურჭელი, ძირითადად, ჩინური წარმოებისაა. მასში მოთავსებული საკვები შხამიანი ხდება – სითხეებთან შეხებით, განსაკუთრებით – ცხელ მდგომარეობაში, აქტიურად გამოიყოფა ფორმალდეჰიდი.
დამატებითი საშიშროებაა ჭურჭლის მოხატულობა, რადგან მისთვის გამოყენებულია მძიმე ლითონები – ტყვია, კადმიუმი, მანგანუმი, მაღალი შემცველობის საღებავები იმ შემთხვევაში, თუ საღებავი საკვებს შეერევა, მძიმე მეტალები ორგანიზმში დაილექება და ის დიდი ხნის განმავლობაში არ გამოიდევნება, მძიმე მეტალების დალექვა კი იწვევს ალერგიას და შესაძლოა, სიმსივნის მაპროვოცირებელიც აღმოჩნდეს.
პლასტმასთან უშუალო შეხება და საკვების შესაფუთად პლასტმასის ჭურჭლის გამოყენება ბევრ საშიშ დაავადებასთან ასოცირდება, მათ შორის: სხვადასხვა ტიპის კიბოსთან, თანდაყოლილ დეფექტებთან, იმუნური სისტემის ფუნქციების დაქვეითებასა თუ ჰორმონალურ დარღვევებთან.
დიასახლისები ხშირად იყენებენ პლასტმასის ერთჯერად კონტეინერებს საკვების მაცივარში შესანახად. ასეთ ჭურჭელში საკვები დიდხანს არ უნდა გააჩეროთ, რადგან პლასტმასში არსებული კარცეროგენული ნივთიერებები სურსათში იწყებს გადასვლას. კატეგორიულად დაუშვებელია სურსათისა და წყლის განთავსება არასასურსათო გამოყენების ტარაში, რადგან მისგან სურსათში შესაძლოა, გადავიდეს სხვადასხვა ტოქისკური ნივთიერება, რამაც შესაძლოა, ადამიანს დაუზიანოს ენდოკრინული, საჭმლის მომნელებელი, ნერვული და სხვა სისტემა, უარყოფითად იმოქმედოს ჰორმონ ესტროგენის გამომუშავების პროცესზე, გააუარესოს მხედველობა და მრავალი სხვა.
სასმლის ან მყარი სურსათის შესანახად უნდა გამოვიყენოთ სხვა ალტერნატიული მასალისგან დამზადებული, მაგალითად, შუშის ან ემალის ჭურჭელი, რომლის გამოყენება შედარებით უსაფრთხოა", - აცხადებს რამაზ გახოკიძე „ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.
მისი თქმით, ჯანმრთელობისათვის საშიშია პლასტმასის ბოთლებიც, რადგან მათში მოთავსებული სასმელი წყლის სინჯში აღმოჩნდა 24 520 სხვადასხვა ქიმიური ნივთიერება.
„ნებისმიერ პლასტმასის ბოთლზე თუ კონტეინერზე, როგორც ერთჯერად ჭურჭელზე, აუცილებლად უნდა იყოს ნიშანი, რომელიც ადასტურებს, რომ ნაწარმი საკვებისთვისაა განკუთვნილი. თუ ეს ნიშანი ჭურჭელს არ აქვს ან გადახაზულია, მისი გამოყენება საკვების შესანახად არ შეიძლება. იმისათვის, რომ ვიცოდეთ, მეორედ შეიძლება თუ არა პლასტმასის ბოთლის გამოყენება, უპირველესად, უნდა დავაკვირდეთ ძირზე წარმოდგენილ სამკუთხედ ნიშნულს, ანუ შტამპს ციფრებით. მასზე მოცემულია პლასტმასის შემადგენლობა. ბოთლი შტამპით 01 (ზუთ ან ზუთუ) უსაფრთხოა ერთხელ გამოყენებისათვის. ცხადია, რომ ადამიანები მაქსიმალურად უნდა ცდილობდენ პლასტმასის ბოთლების ჩანაცვლებას და მისი გამოყენება მაქსიმალურად შეზღუდონ ან საერთოდ თქვან უარი.
წარმოიდგინეთ, რომ პლასტმასის ბოთლში მოთავსებული სასმელი წყლის სინჯში აღმოჩნდა 24 520 სხვადასხვა ქიმიური ნივთიერება. კიდევ უფრო საშიშია იგი, თუ პლასტმასის ბოთლს მზეზე გავაჩერებთ ან ჩავასხამთ თბილ მასას, ქიმიური ნივთიერებების მიგრაცია სურსათში გაძლიერდება, რაც სურსათს გახდის ტოქსიკურსა და სახიფათოს ჯანმრთელობისათვის", - აცხადებს აკადემიკოსი.
პლასტმასის ნივთების მავნებლობაზე საუბრობენ სურსათის სფეროს სპეციალისტებიც, რომელთა შეფასებითაც, ყოველდღიურ ცხოვრებაში პლასტმასის ნივთების გამოყენება ხდება მასობრივად, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს და ეკოლოგიური თვალსაზრისითაც დიდ რისკს შეიცავს.
სურსათის სფეროს სპეციალისტი, ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლია კვარაცხელია პლასტმასის პროდუქციის ჩანაცვლების აუცილებლობაზე საუბრობს.
„ასეთი ჭურჭლის გამოყენება იწვევს ორმხრივ ზიანს: მავნეა ჯანმრთელობისათვის და ეკოლოგიაზეც უარყოფითად მოქმედებს. პლასტმასის ნივთები არის ქიმიური ნივთიერებებისგან შექმნილი და ორგანიზმისათვის მავნეა. ბუნებაში გადაყრილი პლასტმასის ბოთლები და ჭურჭელი სერიოზულ პრობლემას ქმნის, გარდა იმისა, რომ აბინძურებს გარემოს, საშიშია მცენარეების ფესვების სიახლოვეს მოხვედრისას, რადგან იმ კონკრეტული ადგილის კვდომას იწვევს, ამიტომ ეკოლოგიურად მას დიდი ზიანის მოტანა შეუძლია.
ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ჩვენ გარკვეული ვალდებულება გვაქვს აღებული და ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ პლასტმასის ნივთების გამოყენება შეიზღუდოს. სადაც შესაძლებელია, ასეთი პროდუქცია უნდა ჩანაცვლდეს, რადგან პლასტმასის ჭურჭელი ყოველდღიურ ცხოვრებაში არ გამოვიყენოთ. კონტროლი ამ მიმართულებით ისევე სავალდებულოა, როგორც ეს დღეს სურსათის უვნებლობის მიმართულებით ხდება.
საყურადღებოა ეტიკეტიც, რადგან სავალდებულოა, რომ ეს წარწერა მომხმარებლისათვის მარტივად გასარკვევი იყოს და აუცილებლად უნდა იყოს ქართულ ენაზე, ვინაიდან მე არ ვარ ვალდებული, ვიცოდე ნებისმიერი სხვა ენა. თუკი ინგლისურ ენაზე არის დატანილი, ეს მომხმარებლისათვის არანაირი ინფორმაციის მიმწოდებელი არ არის და არის კანონდარღვევა", - აცხადებს „ბიზნეს-რეზონანსთან" კვარაცხელია.
მარი ჩიტაია
გაზეთი „რეზონანსი"