ღორების მოშენებიდან ბიზნესის კოლექციამდე

დავით იაკობაშვილი ”ფორბსის” ბოლო მონაცემებით, 1,2 მილიარდი დოლარის მფლობელია

საქართველოში დაბადებული, რუსეთში გამდიდრებული და შვედეთის მოქალაქე დავით იაკობაშვილი ”ფორბსის” ბოლო მონაცემებით, 1,2 მილიარდი დოლარის მფლობელია, რუსეთში კი 200 ყველაზე მდიდარ ადამიანს შორის 91-ე ადგილს იკავებს. ”ფორბსისვე” თანახმად, უკანასკნელი წლის განმავლობაში კორპორაცია ”ბიოენერგიას” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, საკუთარი ქონება 250 მილიონი დოლარით გაზარდა.

საკუთარ თავს ხშირად მხოლოდ კოლექციონერს უწოდებს, რადგან მისი უნიკალური კოლექცია დაახლოებით 10 ათასამდე უძველესი ნივთისგან შედგება, მათ შორის მექანიკური მუსიკალური საკრავებისგან - დაწყებული არღანებით, დამთავრებული მუსიკალური ზარდახშებითა და საათებით. თუმცა, მისი პერსონა საქვეყნოდ ცნობილი ”ბიზნესკოლექციით” გახდა, რომელსაც უკვე წლებია წარმატებით უდგას სათავეში. ავტობიზნესი, კვების მრეწველობა, გასართობი ბიზნესი, ნავთობბიზნესი - ეს კი უკვე მისი ბიზნესკოლექციის არასრული ჩამონათვალია.

”არ მიყვარს ბიზნესის მხოლოდ ერთი სახეობით დაკავება. მიყვარს, როდესაც სხვადასხვა მიმართულებებით ვფიქრობ, მრავალპროფილურობა მხიბლავს”, - აღნიშნავს თავად მილიარდერი მეწარმე.

შვედეთის მოქალაქე დავით იაკობაშვილი საქართველოში, 1957 წელს ქართველი ებრაელების ოჯახში დაიბადა. ბიზნესმა 70-იან წლებში გაიტაცა, როდესაც ოჯახის რთული მატერიალური პირობების გამო, იძულებული გახდა სწავლა მიეტოვებინა თბილისის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში.

მისი პირველი ბიზნესი არც მეტი, არ ნაკლები - ღორების გაზრდას უკავშირდება.

”მეგობართან ერთად, რომელსაც თბილისის გარეუბანში საღორე ჰქონდა მოშენებული, ღორებს ერთი წლის განმავლობაში ვზრდიდით და ვყიდიდით. თანხას წონიდან გამომდინარე გვიხდიდნენ - 1 კილოში 3 მანეთსა და 30 კაპიკს”, - გაიხსენებს მოგვიანებით ქართველი მილიარდერი.

თანდათანობით, დამწყებმა ბიზნესმენმა საქმიანობა გააფართოვა და ღორების ბიზნესიდან ავტობიზნესზე გადაერთო - საქმიან პარტნიორთან ერთად ამერიკიდან ავტომობილების ჩამოყვანა და მათი რეალიზება დაიწყო. 90-იანი წლების დასაწყისში კი, როდესაც დავით იაკობაშვილი ავტომობილების ბიზნესს მიჰყო ხელი, უცხოური მარკის ავტომანქანის ფუფუნება მხოლოდ ერთეულებს ჰქონდათ, რომლებიც ათი ათასობით დოლარს არ იშურებდნენ მერსედესისა და BMW-ს ბოლო მოდელების სანაცვლოდ.

თანდათანობით, ბიზნესი მისთვის ერთგვარ კოლექციად იქცა და როგორც არაერთხელ უთქვამს, ვიდრე ძალა შესწევს, უნდა, რომ ბიზნესით იყოს დაკავებული.

”საქმე სიცოცხლეს ახანგრძლივებს და საქმიანობაზე უარი არსაითკენ მიმავალი გზაა”, - ამბობს იაკობაშვილი.

”პერესტროიკის” პერიოდში მისი მონაგარი მართლაც შეიძლება უნიკალურად ჩაითვალოს - 1992 წელს პირველი ავტოსალონი დააარსა, 1993 წელს კი რუსეთში ყველაზე დიდი გასართობი ცენტრი ”მიტელიცა” და კაზინო ”ჩერი” გახსნა. იმავე წელს დავით იაკობაშვილი რძისა და წვენების კომპანია ”ვიმ ბილ დანს” აფუძნებს, რომლის აქციების გაყიდვაც რამდენიმე წლის შემდეგ მას 600 მილიონ დოლარს მოუტანს.

ბოლო წლებში, მას შემდეგ, რაც საქართველოში დაბადებულმა და გაზრდილმა ბიზნესმენმა 2010 წელს ”ვიმ ბილ დანი” ”პეპსიკოს” მიჰყიდა, აქტიურად დაიწყო ინვესტიციების განხორციელება ქართულ აქტივებში.

2011 წელს, დავით იაკობაშვილმა, საქართველოში ქვეყნის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის კუთვნილი კომპანია ”პეტროკას ენერჯი გრუპის”-ის 25% იყიდა, მოგვიანებით კი საკუთარი აქციების წილი ამ კომპანიაში 80%-მდე გაზარდა. გავრცელებული ინფორმაციით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის მფლობელობაში ექსმინისტრის რამდენიმე სხვა კომპანიაც აღმოჩნდა, მათ შორის სარეკლამო კომპანია ”აუთდორ ჯი” და ”სმოდი”.

”პეტროკას ენერჯი გრუპი” 140-მდე ავტოგასამართს ფლობს საქართველოში, სომხეთში, აზერბაიაჯანსა და ყაზახეთში, ფოთში კი ორ ნავთობტერმინალს განაგებს.

”ნებისმიერი ბიზნესი ძალიან მნიშვნელოვანია. არ არსებობს საკუთრი და სხვისი შვილები. ყველა შვილი საკუთარია, საჭიროა მათზე ზრუნვა და მათ მიმართ ერთნაირი დამოკიდებულება. თუმცა, არსებობს ბიზნესი, რომელსაც მეტი ყურადღება სჭირდება და არსებობს ბიზნესი, რომელიც უფრო ნაკლებ ყურადღებას ითხოვს”, - აცხადებს დავით იაკობაშვილი.

საქართველოში ინვესტიციების გაზრდაზე რამდენიმე დღის წინ დავით იაკობაშვილი ბრიტანულ გამოცემა The Financial Times-სთანაც ”დაიმუქრა”, რომელთან საუბარშიც უკმაყოფილება გამოთქვა რუსეთში, ოფშორულ კომპანიებთან მიმართებაში მკაცრი ზომების გატარებით. როგორც ქართველი მილიარდერი ვარაუდობს, ოფშორული კომპანიების წინააღმდეგ ზომების გამკაცრება რუსეთის ეკონომიკას იმაზე მეტად აზარალებს, ვიდრე ნებისმიერი სახის დასავლური სანქციები.

”ვერანაირი ამერიკული და ევროპული სანქციები ვერ შეედრება რუსეთის დუმის მიერ ბიზნესმენების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ზოგჯერ რუსეთის პარლამენტი ისეთ კანონებს იღებს, რომელიც საღ აზრს არ შეესაბამება”, - განუცხადა ბრიტანულ გამოცემას დავით იაკობაშვილმა.

საქმე ის გახლავთ, რომ რუსეთში მოღვაწე ბევრმა ბიზნესმენმა მოახდინა საკუთარი ბიზნესის ოფშორულ ჰოლდინგებში სტრუქტურირება, რათა თავი აერიდებინათ რუსული კანონებისთვის. თუმცა პუტინმა, რომელსაც მაინცდამაინც არ ეამა ეს ამბავი და თანაც ქვეყნიდან კაპიტალის გადინების მოწმე გახდა, ე.წ. ”დეოფშორიზაციის” კამპანია წამოიწყო, რითაც ბიზნესმენებს რუსეთში დარეგისტრირებას აიძულებდა.

საქართველოში, რომელიც დავით იაკობაშვილმა 80-იან წლებში დატოვა და ბედის საძიებლად რუსეთს მიაშურა, მისი საქმიანობა მხოლოდ ბიზნესით არ შემოიფარგლება. სხვადასხვა მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, დავით იაკობაშვილი ფინანსურ დახმარებას უწევს საქართველოში არსებულ სხვადასხვა სოციალურ პროექტებს, მათ შორის ახალგაზრდა თაობაში ფილოსოფიური ცოდნის გაღრმავების პროგრამას, ქართული სპორტის განვითარების ხელშეწყობის პროგრამასა და ახალგაზრდა მეცნიერების მხარდამჭერ პროგრამას, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიებს ნერგავენ.

რუსეთში კი მას ხშირად ახასიათებენ არა როგორც გამორჩეულ მეწარმეს, არამედ როგორც გამორჩეულ კოლექციონერს. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში თვითონვე ამბობს, ყველაზე უფრო ქალები და ხელოვნება იზიდავს.

მისი მთავარი სიმდიდრეც სწორედ ალბათ, მის კოლექციაში არსებული უნიკალური მუსიკალური ინსტრუმენტებია და როგორც თვითონ ამბობს, ყველაფერი ის, რაც მუსიკას უკრავს - მუსიკალური ზარდახშა, მე-18 საუკუნის არღანი, ორი ფრანგული მექანიკური ორღანი, რომელთა მფლობელიც თავის დროზე ფრანგი მონარქები - ლუი XVII და ლუი XVIII იყვნენ.

რარიტეტული მუსიკალური ინსტრუმენტების კოლექციონერობამ დავით იაკობაშვილი ათი წლის წინ გაიტაცა, როდესაც ძველმა მეგობარმა, შვედმა ბიზნესმენმა ბილ ლინდვალმა საკუთარი მუსიკალური კოლექციის მცირე ნაწილი მიჰყიდა. მას მერე ბიზნესმენი საკუთარ კოლექციას მექანიკური მუსიკალური აპარატებით, გრამოფონებითა და მუსიკალური საათებით ამდიდრებს. დღეს დავით იაკობაშვილის მექანიკური მუსიკალური ინსტრუმენტების კოლექცია ოთხი ათასზე მეტ ნივთს ითვლის, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სრული კოლექციაა. რარიტეტული მუსიკალური საათების კოლექციაში კი უკვე 600 საათია.

”ზოგჯერ ბედნიერება კაპიკებს მოაქვს. ბედნიერება მილიარდებში ნამდვილად არ არის. ბედნიერება ის არის, რას აკეთებ და რას აღწევ. ბედნიერება იმაშია, როცა გარშემომყოფებს ეტყვი: აი, ეს მე გავაკეთე. ისე უნდა იცხოვრო, ქუჩაში გამოსვლის რომ არ შეგეშინდეს. თავისუფლად, დაცვის გარეშე რომ შეგეძლოს სიარული. წესიერება - შენი მთავარი დამცველი უნდა იყოს”, - დავით იაკობაშვილი.

მარი ჯავახიშვილი

bpn